არძინბა: საკავშირო სახელმწიფოში შესვლა აფხაზეთის ძირეულ ინტერესებშია
რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლა აფხაზეთის ხალხის ძირეულ ინტერესებში შედის, განაცხადა ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ რუსეთის პირველი არხის გადაცემაში „დიდი თამაში“.
არძინბას თქმით, ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ საკავშირო სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილებას და რუსეთსა და ბელარუს შორის ურთიერთქმედებას სხვადასხვა სფეროებში, დაწყებული საბაჟო რეგულირებით და დამთავრებული გადასახადებით. „ცალკე ვსწავლობთ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს“, – აღნიშნა მან.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპის დაცვას, როდესაც სახელმწიფოთაშორის გაერთიანებებში ქვეყნებს პატივს სცემენ, პატივს სცემენ მათ იდენტურობას, მათ კულტურულ კოდს, ამიტომ ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსთან ერთად ვართ“, – განაცხადა არძინბამ რეგიონის დე-ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, რომელმაც ოქტომბრის დასაწყისში მოსკოვში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ აფხაზეთი მზადაა რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში მიიღოს მონაწილეობა.
მინსკის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე საუბრისას, არძინბამ განაცხადა, რომ საფუძველი უკვე ჩაყრილია. „ჩვენ ვქმნით ამ გადაწყვეტილების საფუძველს, აღიარება თავისთავად ვერ მოხდება, ეს უნდა მომზადდეს. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის პრინციპები და დავიწყოთ იმ სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული პროექტების განხორციელება, რომლებსაც ახლა ბელარუს კოლეგებთან ერთად ვახორციელებთ“, – აღნიშნა არძინბამ.
მისივე თქმით, „აფხაზური საქონლის ბელარუსში მიწოდება უკვე განხორციელდა და ახლა მხარეები თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ“. მან ასევე აღნიშნა, რომ განიხილება ოჩამჩირის რაიონში ბელარუსის მხარესთან ერთად დიდი საკურორტო კომპლექსის მშენებლობა.
არძინბას თქმით, უახლოეს მომავალში ბელარუსს ეწვევა აფხაზეთის დიდი დელეგაცია, რათა ბელარუსის მხარესთან ერთად განიხილონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, კერძოდ, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის შექმნის განზრახვას და უკავშირდება თუ არა ეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგს, არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღს შორის პარალელების გავლება არასწორია, თუნდაც იმიტომ, რომ აფხაზეთის სუვერენიტეტი „მსოფლიოს უდიდესმა ქვეყანამ – რუსეთმა აღიარა“.
რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საუბრისას, არძინბამ მას უსაფრთხოების უპირველესი ფაქტორი უწოდა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შედეგად იქნება „მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის ბაზა“ და დასძინა, რომ კონკრეტული სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/10/2023 – საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ
- 07/10/2023 – კონტექსტი | რუსეთის საზღვაო ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში?
- 26/09/2023 – ინალ არძინბა: მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მასობრივ შემოდინებას არ ველით
- 05/09/2023 – გავრცელებული ინფორმაციით, ინალ არძინბა მოსკოვში დაბრუნებას გეგმავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)