თბილისი გმობს ასლან ბჟანიას ბელარუსში ჩასვლას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას ბელარუსში 20 თებერვლის ვიზიტი და განაცხადა, რომ „აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას“.
„ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, – ნათქვამია საგარეო უწყების 21 თებერვლის განცხადებაში.
ბჟანიას ბელარუსში ვიზიტი და ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრა გუშინ „მკაცრად დაგმო“ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც და თქვა, რომ „ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა“.
პრეზიდენტმა ლუკაშენკოს ოკუპირებულ სოხუმში 2022 წლის სექტემბრის ვიზიტიც გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ ეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო“.
ბჟანია ბელარუსში
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი, ასლან ბჟანია „სამუშაო ვიზიტით“ მინსკში 20 თებერვალს, მოსკოვიდან ჩავიდა, ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. ბჟანიას „ადმინისტრაციის“ ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე იმსჯელეს.
შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბარში, ბჟანიამ განაცხადა, რომ მიესალმებიან ბელარუსიდან ტურისტების ჩასვლას. მანვე აღნიშნა, რომ ხელი მოაწერა ბელარუსის მოქალაქეთათვის აფხაზეთში უვიზოდ ყოფნის დროის გახანგრძლივების შესახებ განკარგულებას.
თავის მხრივ, ლუკაშენკოს ადმინისტრაციის განცხადებით, ბელარუსის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის დაინტერესებული იყო აფხაზეთთან თანამშრომლობით. მანვე აფხაზეთში მისი გასული წლის ვიზიტიც გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ საქართველოს ხელისუფლებას ამაზე „მწვავე“ რეაქცია ჰქონდა. „ნუთუ, არ შეიძლება, რომ ხალხებს შორის ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობა არსებობდეს? იქნებ, აეს ურთიერთობები მოემსახუროს აფხაზ და ქართველ ერებს შორის მშვიდობისა და მეგობრობის [დამყარებას], – განაცხადა მან.
ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ამ კონტექსტში, მან პატიმრობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახსენა და თქვა, რომ ის რაც ახლა მის გარშემო ხდება არ გამოიყურება „წესიერად“, რადგანაც ის „ბოლოს და ბოლოს“ პრეზიდენტი იყო.
მანამდე, 2022 წლის სექტემბერში ლუკაშენკო სოხუმში ჩავიდა და ასლან ბჟანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ვითარება, მიმდინარე გამოწვევები და საფრთხეები განიხილა. მაშინ, აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლა საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმეს და მოუწოდეს ბელარუსს პატივის სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
კიდევ უფრო ადრე, 2022 წლის თებერვალში, ლუკაშენკომ რუს ჟურნალისტთან, ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას, „როგორც კი მე მივხვდები და პრეზიდენტი [ვლადიმირ პუტინი] მეტყვის, რომ ამის საჭიროებაა“. მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელარუსის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება დღის წესრიგში არ დგას.
საგულისხმოა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ერთი წლის თავზე, 2009 წელს, ბელარუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას განიხილავდა. თუმცა, საბოლოოდ, ლუკაშენკომ ეს ნაბიჯი არ გადადგა. მაშინ მან გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მოსკოვმა უარი თქვა იმ ნეგატიური შედეგების გაზიარებაზე, მათ შორის, სანქციების მიმართულებით, რომლებიც ბელარუსს ორი რეგიონის აღიარების შემთხვევაში დასავლეთისგან ელოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)