skip to content
ახალი ამბები

რუსეთ-ბელარუსის კავშირის დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა 

რუსეთისა და ბელარუსის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რუსი დეპუტატის, არტიომ ტუროვის ხელმძღვანელობით, აფხაზეთში ჩავიდა და ოკუპირებული რეგიონის ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

ბჟანიას ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აფხაზეთის ლიდერმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, ასევე სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სტრუქტურაში ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მან იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შეხვედრები „აფხაზ, რუს და ბელარუს ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერებას“ დაეხმარება.

ბჟანიამ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა: „მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური განვითარების საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ცოტა ხნის წინ ბელარუსის პრეზიდენტი გვსტუმრობდა, ჩვენ გარკვეული ნაბიჯები დავსახეთ და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ასეთი ნაბიჯი იქნება“.

ადგილობრივი სააგენტოს „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, თავის მხრივ, ტუროვმა ბჟანიასთან შეხვედრის დროს მადლიერება გამოხატა „პარლამენტის სპიკერთან“, ლაშა აშუბასთან „კონსტრუქციული საუბრისთვის“, სადაც მისი თქმით, მათ რიგი მიმართულებები განიხილეს, რომლებიც რუსეთის, ბელარუსისა და აფხაზეთის ინტერესის სფეროებს წარმოადგენენ.

„ჩვენ ინტენსიური კავშირები უნდა დავამყაროთ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი ხალხების წინაშეა“, – აღნიშნა მან.


დელეგაციის ვიზიტამდე ერთი თვით ადრე ოკუპირებულ რეგიონს ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო სტუმრობდა, რასაც საქართველოს ხელისუფლების, საზოგადოების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

მაშინ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბელარუსის ელჩის დაბარების გარდა, საქართველოს ხელისუფლებას რაიმე სხვა საჯარო საპასუხო ნაბიჯი არ გადაუდგამს.

მოგვიანებით, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას, ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვაზე, თუ რა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო ქმედება აფხაზეთში ცოტა ხნის წინ ბელარუსის ლიდერის ვიზიტზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უპასუხა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა „ძალიან კონკრეტული, თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადავდგით“.

„პირველი, ჩვენ კონკრეტული განცხადება გავაკეთეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე. იყო საქართველოს პრემიერმინისტრის გამოხმაურება, იყო ჩემი [გამოხმაურებაც]. ჩვენ გამოვიძახეთ საქართველოში ბელარუსის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის და ყველა ის დიპლომატიური ნაბიჯი გადავდგით, რომელიც ასეთ დროს ქვეყანამ უნდა გადადგას“, – აღნიშნა მან.

ილია დარჩიაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ „ბელარუსი მყარად დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით“. „მე ვფიქრობ და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მსგავსი ტიპის გამოვლინებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აზიანებს, მომავალში აღარ იქნება“, – დასძინა მან.

„სამოქალაქო საქართველო“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ აფხაზეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით  ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button