ახალი ამბები

აფხაზეთის „პარლამენტში“ რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებაზე იმსჯელებენ

„ნუჟნაია გაზეტა“ იტყობინება, რომ 1 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის „საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტი“ სპეციალურ გაფართოებულ სხდომას გამართავს, სადაც ყურადღება გამახვილდება რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანების მიმართ აფხაზეთის მზადყოფნაზე.

რუსეთი და ბელარუსი საკავშირო სახელმწიფოს, საბაჟო და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თანადამფუძნებლები არიან და აქვთ სამხედრო თანამშრომლობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში (ორი რუსული სამხედრო ობიექტი ბელორუსში მდებარეობს).  

მანამდე, 27 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის „სამთავრობო დელეგაცია“ მინსკში ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციების გამართვის მიზნით მინისტრთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელს, კონსტანტინ ბურაკს შეხვდა.

2022 წელს, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რეგიონი მზად არის შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს. „ეს იდეა ახლოს არის ჩვენთან, ახლოს არის აფხაზ ხალხთან [და] ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესშია“, – ხაზი გაუსვა ასლან ბჟანიამ.

10 ოქტომბერს, რუსეთის პირველი არხის გადაცემაში „დიდი თამაში“ ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლა აფხაზეთის ხალხის ძირეულ ინტერესებში შედის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button