უცხოელი სტუდენტების მიერ ისრაელის დროშის შებღალვის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო
ისრაელის დროშის შებღალვის ფაქტზე უცხოელი სტუდენტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ადგება ფეხით თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის შესასვლელთან მიწაზე დაგდებულ ისრაელის დროშას თეთრ ტანსაცმელსა და თავსაბურავში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი. ვიდეოში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ჩანს, მათ შორის სამი მამაკაცი და ერთი ქალი, რომელთაგანაც ერთს სახე კაპიუშონით აქვს დაფარული.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე უნივერსიტეტის შესასვლელის წინ იმ ქვეყნების დროშებია განთავსებული, რომელთა სტუდენტებიც იქ სწავლობენ. ისრაელის დროშა, სავარაუდოდ, სწორედ ამ ადგილიდან მოხსნეს, მოგვიანებით კი, უნივერსიტეტის ინფორმაციით, თავის პირვანდელ ადგილას დააბრუნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურეს, რომ ისრაელის დროშის შებღალვის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (174-ე მუხლი 18 პრიმა) წარმოება დაიწყო.
გაურკვევლობა სტუდენტების ეროვნებასთან დაკავშირებით
მედია საშუალებებმა, მათ შორის „სამოქალაქო საქართველომ“, თავდაპირველად, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სტუდენტები ირანიდან იყვნენ. მოგვიანებით, ირანის საელჩო „სამოქალაქო საქართველოს“ დაუკავშირდა და უარყო, რომ სტუდენტები ირანის მოქალაქეები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირთა ეროვნება ან რაოდენობა არ გაამხილა, და მხოლოდ ის დაადასტურა, რომ მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
მოგვიანებით, ზემოთხსენებული ვიდეოს ფრაგმენტები ირანის საელჩოს სოციალური მედიის გვერდზე გავრცელდა, ხოლო მასში ასახული ადამიანები მოიხსენიეს, როგორც „მუსლიმები საქართველოში“, რომლებიც ისრაელის ქმედებებს გმობენ და პალესტინელებს „სოლიდარობას უცხადებენ“.
- 12/10/2023 – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ისრაელის ელჩს მოუსმინეს
- 07/10/2023 – საქართველოს ხელისუფლება ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას გმობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)