საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ისრაელის ელჩს მოუსმინეს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 12 ოქტომბერს საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს მოუსმინეს. სხდომის გახსნისას ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მხარდაჭერა გამოუხატა ისრაელს ტერიტორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ისრაელთან ძლიერი პარტნიორობის მიმართ.
ჰადას მეიცადმა „ჰამასის“ ტერორისტების მიერ 1300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეების ტრაგიკულ დანაკარგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ეს თავდასხმა მიმართულია ყველაფრის წინააღმდეგ, რისაც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერა.
„ვაფასებთ საქართველოს სოლიდარობას ჩვენი ქვეყნის მიმართ. მოვისმინეთ თქვენი აღმასრულებელი ხელისუფლების განაცხადი და მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ასევე მოვისმინეთ რიგითი მოქალაქეების მხარდამჭერი განცხადებები. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ჩვენ ვგლოვობთ გარდაცვლილებს და ვლოცულობთ ჩვენი მოქალაქეების, ქალების, ბავშვების უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა.
მოხსენების დასრულების შემდეგ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. სამხარაძის თქმით, სხდომა იყო იმ პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც „უცხო ქვეყნების ელჩები მოდიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რათა წარმოადგინონ საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)