skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა და მანიფესტაციების კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას მოაწერა ხელი.

„საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს“, – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 14 სექტემბერს საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის გავრცელების გამო სანქციები დაუწესა, ორმაგი – ქართული და რუსული მოქალაქობა ჰქონდა. სექტემბერში იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტს დასკვნა წარუდგინა ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. თუმცა, მაშინ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო და აღნიშნა, რომ იგი უნდა გაასამართლონ როგორც საქართველოს მოქალაქე. ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობა საკვანძო დეტალია, რადგან მას შემდეგ, რაც მას სანქციები დაეკისრა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ცვლილებები შეიტანა სანქციების აღსრულების შესახებ წესებში, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეზე არ ვრცელდება მანამ, სანამ ქართული სასამართლო არ გამოიტანს მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. ფარცხალაძემ მოგვიანებით საქართველოში საკუთრებაში არსებული მთელი ქონება და მიწა თავის შვილს, ანდრია (ანზორ) ფარცხალაძეს აჩუქა.

რაც შეეხება „კარვების კანონს“, პარლამენტმა 5 ოქტომბერს მხარი დაუჭირა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც მმართველმა პარტიამ დაჩქარებული წესით შეიტანა. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. მიღებულ ცვლილებებს ოპოზიცია და აქტივისტები „ახალ რუსულ კანონად“ მოიხსენიებენ. რამდენიმე აქტივისტმა პარლამენტის შენობის წინ 5 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქცია გამართა. მომიტინგეებმა კარვები აღმართეს და ტერიტორიაზე მთელი ღამით დარჩნენ. ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან კანონმდებლობაზე ვეტოს დადებას მოითხოვდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button