ახალი ამბები

პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები აფასებენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტების განხორციელებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

„სამოქალაქო საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მხარეთა შეფასებებს გთავაზობთ:

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ სალომე ზურაბიშვილმა მრავალგზის, განზრახ და უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რითაც ის უხეშად დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს და კონსტიტუციით დადგენილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას… ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე, დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხოლოდ პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და ახორციელებენ. სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს“.

არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნება“: „თავიდანვე ვთქვით, რომ ამ იმპიჩმენტის პროცედურას ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვა ჰქონდა და რა თქმა უნდა, ორივე მიზანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორც ვთქვით კანონის დაცვით საკითხი გამოვა პარლამენტის სხდომაზე და შედგება კენჭისყრა“.

გურამ მაჭარაშვილი, „ხალხის ძალა“: „მე რომ [პრეზიდენტის] მრჩეველი ვიყო, რა თქმა უნდა ვურჩევდი ცუდსა და უარეს შორის ალტერნატივა ცუდზე გაეკეთებინა. ცუდია პრეზიდენტი რომ გადადგება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია, უარესი იქნება ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა… საკონსტიტუციო სასამართლოსაც არ დაუჯეროს და ზიდოს ის ტვირთი რასაც კონსტიტუციის დარღვევა ჰქვია“.

ფრიდონ ინჯია, „ევროპელი სოციალისტები“  : „ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს… ზურაბიშვილმა თავის ადგილი რომ დაიკავოს საზოგადოებაში ამისთვის ყველაზე მართებული იქნებოდა მან თავისი ნებით დატოვოს ეს პოსტი“.

ლევან ბეჟაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირ აკონტროლებს „ქართული ოცნება“, სასამართლოს კლანი, სწორედ მათი წევრებით არის დაკომპლექტებული, ამიტომ დიდი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არ იყო… [საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა] მხარი დაუჭირეს განა კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ ნორმების სამართლებრივ განმარტებას, არამედ სამწუხაროდ, მხარი დაუჭირეს პირდაპირ „ქართული ოცნების“ ვერსიას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც აღარ არსებობს, არცერთი დამოუკიდებელი ორგანო აღარ არსებობს, რომელიც რაიმე ობიექტურ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებდა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერი ექვემდებარება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ვერტიკალს“.

ბადრი ჯაფარიძე, „ლელო საქართველოსთვის“: „რუსული დავალებების შემსრულებელი „ქართული ოცნება“ კვლავ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის პუტინის ინსტრუქციებს ეფუძნება. ცხადია, რომ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება სწორედ იყო ნაკარნახევი რუსეთის მხრიდან და ამიტომაც, შესაბამისად, ამოცანა იყო და არის „ქართული ოცნების“, რომ ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც დღემდე ინარჩუნებდა და ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მოახდინონ ამ ინსტიტუციისთვის დიდი დარტყმის მიყენება. რა თქმა უნდა, სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა, კერძოდ კი კობახიძემ, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ… საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ეს მცდელობა გამომდინარე რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებისგან ემსახურება იმას, რომ ხელი შეუშალოს სალომე ზურაბიშვილს იმ უმნიშვნელოვანესი ვიზიტების განხორციელებაში, რომელიც ემსახურებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ხელი შეუშალოს მის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან და ხელი შეუშალოს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას“.

თეონა აქუბარდია, საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“: „ჩვენ ვნახეთ გაფორმება სახელმწიფოს მიტაცების. ეროვნული ბანკი იყო ბოლო პერიოდში, რომელმაც ირაკლი კობახიძის ბრძანება შეასრულა, ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს 6 მოსამართლე, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს, “ქართული ოცნების” დავალებას და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ სახელმწიფო მიტაცებულია და ის არ ემსახურება სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს… ეს არის საბოტაჟი ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები საქართველოს იმპიჩმენტთან მიმართებაში ურჩევდნენ, რომ ეს არ იყო დამხმარე საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის და ამ პროცესს ჩვენ ვხედავთ ახლა… ეს რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური დაკვეთა და კრემლის დავალება“.

პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „[საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება] ანტიდასავლური, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა… საკონსტიტუციო სასამართლოს ის, რომ ეთქვა პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, ირაკლი კობახიძის პოლიტიკური იმპიჩმენტი უნდა დაწყებულიყო… იმიტომ რომ მთავრობა, პარლამენტი შეიყვანა შეცდომაში“.  

ბექა ლილუაშვილი, „საქართველოსთვის“: „მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, საზოგადოებაში სხვა მოლოდინი არც მგონია ყოფილიყო. ეს სასამართლო მოგეხსენებათ სატელეფონო ჩატის საშუალებით იმართება… მთავარი ამოცანა არის და ოცნებას მიზნად აქვს დასახული არა კონკრეტულად ზურაბიშვილის ან ვინმეს წინააღმდეგ აწარმოოს ეს  ბრძოლა, არამედ პირდაპირ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიქვემდებაროს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button