განახლება: საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს
განხილვის პირველი დღე
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე განხილვის საგანია საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის ა) პუნქტის დარღვევა, რომელიც ითვალისწინებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში და მოლაპარაკება აწარმოოს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მხოლოდ მთავრობის თანხმობით.
საქმე პრეცედენტულია: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი იურისდიქციის ფარგლებში პირველად განიხილავს იმპიჩმენტის საკითხს.
პრეზიდენტს პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“, თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი წარმოადგენენ.
სხდომას ესწრება „ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატი, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი.
სხდომის დასაწყისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პრეზიდენტი სხდომას არ ესწრებოდა და ჰკითხა მის წარმომადგენლებს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პრეზიდენტი უპატივცემულობას ავლენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რადგან მას გადაადგილება არ უჭირს და შეეძლო ფიზიკურად დასწრებოდა სხდომას.
მისივე თქმით, თუ სასამართლო უკმაყოფილო იქნება, მას შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს პრეზიდენტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებასთან დაკავშირებით, რადგან წარმომადგენლებმა, პრეზიდენტისგან განსხვავებით, შეიძლება იცოდნენ მხოლოდ იურიდიული მხარე და არა საქმის ფაქტობრივი დეტალები.
პრეზიდენტის წარმომადგენლების პოზიციით, პრეზიდენტის სავალდებულო დასწრების შესახებ გადაწყვეტილება პროცესის პოლიტიზირებას გამოიწვევს. „ეს არანაირად არ არის გამოხატულება მისი მხრიდან არც უპატივცემულობის, ეს ასე არ უნდა იქნას განმარტებული. ასე განმარტავს პარლამენტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე არ უნდა განმარტოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ვინაიდან პრეზიდენტი მოქმედებს კანონის დაცვით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მისი სურვილია, რომ პრეზიდენტს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონოდა საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ. „ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის ჩემი, როგორც იურისტი პოზიცია, როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირის პოზიცია და ამ პოზიციას ვახმოვანებ ხალხის მიერ არჩეული 80 პარლამენტის წევრის სახელით“, – განაცხადა მან.
კობახიძის თქმით, „ეს ძალიან მარტივი კაზუსია – საჭირო იყო ვიზიტზე თანხმობა, ეს თანხმობა არ მიუღია, მაინც წავიდა, დაირღვა კონსტიტუცია“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა თავად აღიარა ვიზიტების არაკონსტიტუციურობა. კერძოდ, მან თავად ითხოვა ნებართვა ვიზიტების განსახორციელებლად. ამრიგად, მან იცოდა, რომ შესაბამის ვიზიტებს ნებართვა სჭირდებოდა.
მან ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან ვიზიტები ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა და ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს იყო „პირდაპირი აღიარება“ იმისა, რომ ვიზიტები არალეგიტიმური იყო და „სწორედ ამის გამო მოუწია მას საკუთარი ჯიბის ფულის დახარჯვა. მას რომ დაეხარჯა ბიუჯეტის ფული, ეს, კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად, იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, რადგან ეს არის არამიზნობრივი ხარჯი“.
კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა მთავრობას საზღვარგარეთ ვიზიტის ნებართვა 38-ჯერ სთხოვა. მათ შორის, 2022 წელს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე მან მთავრობის თანხმობით ევროპაში შეხვედრები გამართა, რასაც, კობახიძის თქმით, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მთავრობას დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვასა და მეფის კორონაციაზე დასწრების ნებართვა სთხოვა და დასძინა, რომ ნაკლებად პოლიტიკური შინაარსის ვიზიტებსაც კი სჭირდება ნებართვა და ეს პრეზიდენტმაც იცის.
მან ასევე განაცხადა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მხოლოდ ხელისუფლების ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ის პრეზიდენტის უფლებამოსილებისგან უნდა გაიმიჯნოს. ასევე, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი აღარ არის საგარეო ურთიერთობების უმაღლესი წარმომადგენელი და ის მხოლოდ წარმომადგენელია.
პრეზიდენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი არ ახორციელებდა თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას კონსტიტუციის 52-ე მუხლის შესაბამისად, არამედ ასრულებდა თავის როლს საგარეო ურთიერთობებში საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც „საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“.
კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რადგან ის შესაძლოა იქცეს საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, ვინაიდან პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის შინაარსი აშკარად პოლიტიკურია, მას არ გააჩნია კონსტიტუციური ან სამართლებრივი გამართლება. „წარდგინების გაცნობისას ყველა ვრწმუნდებით, რომ პარლამენტის პოლიტიკური უმრავლესობის მიერ წარდგენილი წარდგინება არის დაუსაბუთებელი, ვერ პასუხობს იმპიჩმენტისთვის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს… და მიუხედავად ჩემი თქვენდამი პატივისცემისა, ძვირფასო სასამართლო, უნდა მოგახსენოთ, რომ წარდგინება არ უნდა მიეღო სასამართლოს არსებითად განსახილველად“, – დასძინა კოპალეიშვილმა.
თამარ ჩუგოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ოცნების დეპუტატები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრას სხვა ქვეყნის მეთაურებთან ან მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. „არსებობს მთელი რიგი ურთიერთობებისა, რომლებიც არ წარმოადგენს 52-ე მუხლით დადგენილ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, თუმცა გულისხმობს დიპლომატიურ ურთიერთობებს და ეს უნდა გავმიჯნოთ და ეს ამ საქმისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი ახორციელებს მთელ რიგ ურთიერთობებს, რომლებიც, თავისი არსით, არ საჭიროებენ მთავრობასთან შეთანხმებას. ეს არცერთ ეტაპზე არ გამხდარა სადაო, მათ შორის არ გაუხდია სადაო საქართველოს მთავრობას“. მისი თქმით, გაუგებარია რატომ უკავშირებს ქართული ოცნება 52-ე მუხლს პრეზიდენტის საზღვარგარეთ წასვლას ან რატომ ამახვილებს ყურადღებას გეოგრაფიაზე.
ჩუგოშვილმა დასძინა, რომ მასპინძელი ქვეყნის მიერ პროტოკოლის წესებით დროშის ფონზე მიღება, მისალმება და ფოტოების გადაღება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მტკიცებულებად ვერ იქნება გამოყენებული. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, განურჩევლად იმისა, ახორციელებს თუ არა იგი თავის უფლებამოსილებას კონსტიტუციის 49-ე ან 52-ე მუხლების ფარგლებში, უცვლელია. ის არის საქართველოს პრეზიდენტი და ამიტომ პროტოკოლის დაცვა პატივისცემის გამოხატულებაა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა შეშფოთდა მას შემდეგ, რაც თამარ ჩუგოშვილმა ღიმილით დააფიქსირა პოზიცია სხდომაზე გამოვლენილ გარკვეულ გარემოებაზე. როგორც ტურავამ აღნიშნა, ჩუგოშვილის ღიმილი ირონიული იყო.
„ქალბატონო თამარ, ჩვენ თქვენს გამოსვლაზე არ გაგვიცინია, არ შეგვიფასებია არც ისე, არც ასე – ეს უკვე ჩვენი შესაფასებელია და თქვენი მხრიდან ირონია ამ შემთხვევაში, იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ვთქვი… მოდით, ნუ წავალთ შორს განსახილველი საკითხიდან“, – განაცხადა ტურავამ, რაზეც ჩუგოშვილმა უპასუხა: „არ გამეღიმოს ახლა, მთავრობის წარმომადგენლის ნაცვლად რომ პასუხობენ პარლამენტის წევრები? მთავრობის საპარლამენტო მდივანს შეჯამებაში და პასუხებში ეხმარებიან, ეს იწვევს ღიმილს. კარნახობს აგერ, ხან ერთი, ხან – მეორე“.
„ქალბატონო თამარ, თქვენს მიმართ რამე აგრესიულად გამოხატული პოზიცია არ მქონია, უბრალოდ გამიკვირდა, რომ გაგეღიმათ. ამის უფლება თქვენ, რა თქმა უნდა, გაქვთ, ამაში ვერ შეგზღუდავთ, უბრალოდ უადგილოდ ჩავთვალე იმ დროს“, – განაცხადა ტურავამ.
განხილვის მეორე დღე
4 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ მოსმენა განაახლა.
მოსმენის დროს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ. როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად“.
მოსამართლე მანანა კობახიძემ სთხოვა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს დაედასტურებინა, რომ მისი მიზანი პოლიტიკური ანგარიშსწორება არაა. „გარდა ამისა, გუშინ მაგალითი მოიყვანეთ, რომ მოლდოვაში იყო შემთხვევა, როდესაც მოლდოვის მთავრობა იყო პროევროპული და პრეზიდენტი ამ დროს დადიოდა რუსეთში ვიზიტებზე. კურსებს შორის იყო შეუთავსებლობა. ამ შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა – მთავრობის გაცხადებული კურსია, რომ ამ ქმედებებში რა არის ისეთი საფრთხისშემცველი, რა დადგა შედეგის თვალსაზრისით, რამაც თქვენ არა პოლიტიკური ანგარიშსწორებიდან გამომდინარე, არამედ უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე მობრძანდით. რა არის ის, რაც გიბიძგებთ იმისკენ, რომ ეს ადამიანი, პრეზიდენტი უღირსი და შეუფერებელია თანამდებობისთვის?“ – იკითხა მოსამართლემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, „იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა… გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ იმპიჩმენტის აღძვრის საბოლოო მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ პრეზიდენტი, წესით, უნდა წავიდეს თავისი თანამდებობიდან. ჩვენი მიზანი ეს იქნება და იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით დასკვნას წარმოადგენს პარლამენტის წინაშე კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე, ყველა შესაბამისი დეპუტატი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განზრახვა“.
მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში დაინტერესდა, რა უნდა უთხრას პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩეველს, თუ მას არ აქვს არანაირი პლატფორმა არც შინ და არც გარეთ. კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ უნდა დარჩეს თუ არა კანდიდატი ჩუმად და არ იყოს ჩართული ყველა საკითხში, რაც ასეთი კანდიდატის როლისა და საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიზნის გაურკვევლობაზე მიუთითებს.
ირაკლი კობახიძემ იკითხა გადადგება თუ არა პრეზიდენტი იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს: „რა თქმა უნდა, არ გადადგება იმიტომ, რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის არ უნდა იაროს. ვინც არის პასუხისმგებელი ან მან უნდა იაროს ან სულ მცირე, მისი თანხმობით უნდა იაროს სხვამ. ამას ამბობს კონსტიტუცია“, – განაცხადა მან.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გაურკვეველია, რადგან პრეზიდენტი ამ საკითხზე ბუნდოვან და ორაზროვან განცხადებებს აკეთებს. მან ლატვიის პრეზიდენტის მიერ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზეც მიუთითა, რომელიც, მისი თქმით, ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების პოზიციას. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ასეთი განცხადებები უცხოელ პარტნიორებს დიდი ხნის განმავლობაში სხვა ქართველ ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ არ გაუკეთებიათ.
ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევის საკითხზე ხელისუფლებისა და პრეზიდენტის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა და რომ სალომე ზურაბიშვილმა ამ შემთხვევაშიც დაარღვია კანონმდებლობა.
სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებმა სასამართლოს სალომე ზურაბიშვილის პოზიცია წარუდგინეს და ისაუბრეს გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში მისი ბოლო სამი ვიზიტის დროს წამოჭრილ საკითხებზე. პრეზიდენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რომ სამივე ქვეყანაში ვიზიტისას პრეზიდენტი არ მოქმედებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლის ფარგლებში – არ აწარმოებდა მოლაპარაკებებს, არ გააფორმა კონტრაქტები, არ ახორციელებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.
მოსამართლეებს ძირითადად აინტერესებდათ, რატომ სთხოვდა პრეზიდენტი მთავრობას ნებართვას ყველა სხვა შემთხვევაში და რატომ არ ითხოვა ნებართვა საფრანგეთსა და ბრიუსელში გამგზავრებამდე. თამარ ჩუგოშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში ვიზიტის ნებართვა არ მისცეს, მან ვიზიტების განხორციელება კონსტიტუციის 49-ე მუხლის ფარგლებში გადაწყვიტა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, შეხვედრებზე პრეზიდენტს არ უსაუბრია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შედეგებზე და მისი ვიზიტი გეოპოლიტიკური საკითხების განხილვასა და საქართველოს ევროპულ მომავალს უკავშირდებოდა.
თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს გამოსვლა არაერთხელ შეაწყვეტინეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა და მოსამართლეებმა.
თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მას რამდენჯერმე მოუწია ერთი და იგივე საკითხის ახსნა, რომ სალომე ზურაბიშვილს ხელისუფლების უარი მის ვიზიტებზე დაუსაბუთებლად მიაჩნია და ფიქრობს, რომ ამის მიზანი მისი იზოლაცია იყო. ჩუგოშვილის თქმით, წარდგინების ავტორებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ პრეზიდენტი შეხვედრებზე კონსტიტუციის 52-ე მუხლის ფარგლებში მოქმედებდა.
განხილვის მესამე დღე
5 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა განაახლა.
სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მერაბ ტურავას შორის შელაპარაკება მოხდა. უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც თავმჯდომარემ პრეზიდენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს უარი უთხრა ეპასუხა საიმპიჩმენტო წარდგინების ავტორისთვის, ირაკლი კობახიძისთვის. ტურავამ განაცხადა, რომ პასუხების გამეორება საჭირო არ იყო, ვინაიდან თამარ ჩუგოშვილმა უკვე უპასუხა იმავე კითხვას. კოპალეიშვილმა თანაბარი მოპყრობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. საპასუხოდ, ტურავამ განაცხადა, რომ ღიაა კრიტიკისთვის, თუმცა სხდომაზე განმეორებითი პასუხებისგან თავის არიდება სურდა.
თამარ ჩუგოშვილმა სესიაზე წაიკითხა სალომე ზურაბიშვილის გზავნილი, სადაც ნათქვამია, რომ 2019 წლის სექტემბერში საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გაეროში, გენერალური ასამბლეის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა. ჩუგოშვილის თქმით, ამ შეხვედრის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშისგან ოფიციალური შეხვედრის დროს შეიტყო. ამასთან დაკავშირებით, კობახიძემ განაცხადა, რომ ამას მიმდინარე განხილვასთან არაფერი აქვს საერთო, ისინი სამართლებრივ საკითხებზე საუბრობენ, „ეს კი დემაგოგიაა“.
ირაკლი კობახიძის თქმით, იმპიჩმენტი განსხვავდება კომპეტენციაზე დავისგან იმით, რომ ის ასევე პოლიტიკური პროცესია. მან ასევე აღნიშნა, რომ იმპიჩმენტით 80-მა დეპუტატმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევის გამო პრეზიდენტობის უღირსად მიიჩნევენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ეს იყო პოლიტიკური აქტი მათი მხრიდან, რომელზეც დიდი ხანია თავს იკავებდნენ.
კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ასეთი მიდგომებით, ქვეყანას, რა თქმა უნდა, ევროკავშირში არაფერი ესაქმება. ასე უპასუხა მან მოსამართლე მერაბ ტურავას შეკითხვას, რომ უცხოური მედია პრეზიდენტს პროდასავლურ ლიდერად აღიარებს და იქნება თუ არა ასეთი პირის მიმართ იმპიჩმენტის განხორციელება საზიანო საქართველოს ინტერესებისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)