ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის უცხოური ვიზიტები არაკონსტიტუციურად ცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტების განხორციელებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს, როდესაც პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტებით საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მან საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ მუხლის „ა“ ქვეპუნტქტის დანაწესი. სასამართლომ დაასკვნა, რომ აღნიშნული კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს.

გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ დასკვნას დაერთვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სამი წევრის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

ეს საქმე მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის, რადგან პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი იურისდიქციის ფარგლებში იმპიჩმენტის საქმე განიხილა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტს ახლა ორი კვირა აქვს იმისათვის, რომ პლენარული სხდომა მოიწვიოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისა და კენჭისყრის მიზნით. პარლამენტს აქვს უფლება, რომ ეს პლენარული სხდომა დახურულად გამოაცხადოს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლენარული სხდომა მიმდინარე სასესიო კვირაში გაიმართება.

12 სექტემბერს 80-მა დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე საჩივარი შეიტანა. სამდღიან მოსმენებზე პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი წარმოადგენდნენ. მოსმენებში მონაწილეობა მიიღო „ქართული ოცნების“ ხუთმა დეპუტატმა, მათ შორის პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, ასევე ანრი ოხანაშვილმა, თენგიზ შარმანაშვილმა და გიორგი კახიანმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button