skip to content
ახალი ამბები

საქართველო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებთან თანამშრომლობს

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, მკურნალობას ისრაელში, ესპანეთში, თურქეთსა და საქართველოში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით შეძლებენ. შესაბამისი ხელშეკრულებები, რომელიც 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებს სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს, ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდსა“ და პარტნიორ კლინიკებს შორის 31 ივლისს გაფორმდა.

პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ეს არის, „გარდამტეხი პროექტი“, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიღების თანასწორ შესაძლებლობას მისცემს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, ჯანდაცვის სამინისტრომ, განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყო.

ამ მკურნალობისთვის სახელმწიფო დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე 10 ივლისს მიიღეს და პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონ ლარს შეადგენს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button