ახალი ამბები

პრემიერი: ევროპელ მეგობრებს თუ სურთ პოლარიზაციის დასრულება უნდა მოგვცენ სტატუსი

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 6 ივნისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის განახლებული სტადიონის გახსნის ცერემონიაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები მიმოიხილა, რა დროსაც „უსუსური“ და „მარგინალიზებული“ ოპოზიცია „დესტრუქციული საქმიანობისთვის“ გააკრიტიკა“. მანვე ევროკავშირის წევრობაზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ თუკი ევროპელ კოლეგებს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება სურთ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ. პრემიერმა მოლდოვაში მის ვიზიტზე, გერმანიის კანცლერთან დაგეგმილ შეხვედრაზე და უკრაინაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებაზეც ისაუბრა.

„ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს…, იქნება სამაგალითოდ დასჯილი“

ჟურნალისტის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან „პოლიციელების მიმართ შეურაცხმყოფელ კამპანიაზე“ დასმული კითხვის პასუხად, პრემიერმა ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციას რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი“. „ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს…, ყველა ის ადამიანი იქნება სამაგალითოდ დასჯილი“, – დაამატა მან.

ამ კონტექსტში მან პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ახსენა და ხაზი გაუსვა, რომ ეს მისი აზრით, არის „ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო, ანტი-ეროვნული, ანტი-ქართული, ნეო-ფაშისტური მოვლენა და სრულიად ამორალური, დეგრადირებული ორგანიზაცია, რომელმაც თუ რაიმე გააკეთა, ყველაფერი იყო ქვეყნის ინტერესების საზიანოდ“. ამის შემდეგ, პრემიერმა, პარტია „დროა“ და მისი ლიდერი, ელენე ხოშტარიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისინი „დადიან, ეწევიან დესტრუქციულ საქმიანობას“ და „აყენებენ შეურაცხყოფებს ადამიანებს და მათ შორის, ჩვენს საამაყო პოლიციელებს“.

„ამ ადამიანების, 2%-ანი, 1%-ანი პარტიების ნებისმიერი უსუსური მცდელობა დასრულდება სრული კრახით და სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლინებისას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ესაა დასაგმობი ფაქტი“ და ამაზე „საზოგადოებამ, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა“. „ჩვენი პოლიცია, ჩვენი ჯარი არის ხელშეუხებელი, სპეცსამსახურებზე, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს სახელმწიფოს, ვინც მათზე ახორციელებს თავდასხმას, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, მე არ მოვერიდები ამის თქმას“, – გაიმეორა მან.

2-3 ივნისის საპროტესტო აქციები

ირაკლი ღარიბაშვილმა 2-3 ივნისის საპროტესტო აქციების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა, სადაც მოქალაქეებს პრემიერის მისამართით სხვადასხვა სახის საპროტესტო ბანერები ეჭირათ და თქვა – „როგორ არ მაინტერესებს ეხლა ხო წარმოგიდგენიათ საერთოდ“. „ეს არის მარტივი პროვოკაციები, რომელზეც საერთოდ სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სერიოზული კომენტარი“, – დასძინა მან.

პრემიერის განცხადებით, „ჩვენს უსუსურ ოპოზიციას და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე“. „ისინი პროვოცირებენ“, – ხაზი გაუსვა მან.

„ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში“

„ქართული ოცნების“ დასამარცხებლად ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების შეფასებისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა: „მე ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში“.

„ეს ადამიანები უბრალოდ არიან ჩვეულებრივი, მარგინალიზებული ძალა, რომელთაც არავითარი დღის წესრიგი არ აქვთ, ვერ სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს რაიმე ალტერნატიულ აზრს, მოსაზრებას, გნებავთ კრიტიკას“, – აღნიშნა მან და დასძინა: „შეხედეთ უბრალოდ, რომელი მათი გამოსვლა გახსენდებათ, რაიმე შინაარსიან თემაზე რომ ესაუბროთ?! არაფერზე“.

„თუ ჩვენს ევროპელ მეგობრებს სურთ პოლარიზაციის დასრულება… უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი“

„თუ, რეალურად, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, კოლეგებს, ჩვენს ნამდვილს მეგობრებს სურთ პოლარიზაციის დასრულება, ან როგორც მინიმუმ, მისი განახევრება და მინიმუმზე დაყვანა, შემცირება, უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას.

რაც შეეხება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პრიორიტეტს, პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი „ზედმიწევნით“ და „პირნათლად“ შესრულება მოქმედი ხელისუფლების ამოცანა იყო და არის. „ჩვენ დაახლოებით ივნისის ბოლომდე დავასრულებთ ყველა ამ პროცესს“, – ხაზი გაუსვა მან და ამ პროცესში „დესტრუქციული, „გაკოტრებული“ ოპოზიციის პასიურობაც აღნიშნა.

მოლდოვაში პრეზიდენტ ზელენსკისთვის ხელის ჩამოსართმევად „რიგი არ ყოფილა“

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მიესალმნენ ერთმანეთს ის და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში ვიზიტისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა უპასუხა: „…არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა, 6-მა, 10-მა ნახა მაქსიმუმ ზელენსკი, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად. საერთოდ, ძალიან მარტივად იყო ყველაფერი“.

კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებდა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „მივესალმებოდი“. „მე საჯაროდ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას“, – დასძინა მან.

გერმანიის კანცლერთან დაგეგმილი შეხვედრა

პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ 9 ივნისს იგი, კანცლერ ოლაფ შოლცის მიწვევით გერმანიას ესტუმრება, სადაც „ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე“ და ზოგადად, იმ „რთულ სიტუაციაზე“ ისაუბრებს, რომელიც“ რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ“. „მე მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა, ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. პრაქტიკულად ყველა გამოსვლაში, გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.

კითხვაზე, „დაიბარა“ თუ არა იგი გერმანიის კანცლერმა და უკავშირდება თუ არა მისი გერმანიაში ვიზიტი, ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებებს, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა: „…სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეთ, გარდა იმისა, რომ თურმე თქვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები“.

„მე არ მინდა ამაზე გიპასუხოთ, მე თვალყურს ვადევნებდი თქვენს ამ პროვოკაციულ ქმედებებს ბოლო ორი დღეა, რამდენად ანტისახელმწიფოებრივია თქვენი განცხადება, ანტიეროვნული, მაგრამ მესმის, რომ ეს თქვენი დავალებაა, დავალება მოგცეს რომ ეს კითხვა დაგესვათ“, – დასძინა მან.

„ეს [კახოვკას კაშხლის აფეთქება] არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური ომისა…, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში“

ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური ომისა, დამანგრეველი ომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, ეს ახალი არ არის“, – თქვა პრემიერმა უკრაინის სამხრეთით მდებარე კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებაზე დასმული კითხვის პასუხად და დასძინა: „კახოვსკას ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლები, მიწასთან არის გასწორებული“.

„ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად და მე მგონი ვერავინ ვერ ხედავთ, რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს, ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით – ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას“, – თქვა პრემიერმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button