skip to content
ახალი ამბები

პრემიერი მოლდოვაში ვიზიტს აჯამებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ივნისს, ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის ფარგლებში მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში გამართული შეხვედრები და მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული დისკუსიის ძირითადი განსახილველი საკითხები შეაჯამა და სხვადასხვა საკითხზე მათ კითხვებს უპასუხა.

მოლდოვაში ვიზიტის შეჯამება

პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, მას „ძალიან წარმატებული“ და „ძალიან შინაარსიანი“ შეხვედრები და დისკუსიები ჰქონდა, რომელთა განხილვის მთავარი თემა უკრაინა და უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი იყო, „რომელიც არ ჩერდება და არავინ არ იცის, როდის დასრულდება. ეს არის მთავარი გამოწვევა“. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, [2008 წლის რუსეთ-საქართველოს] აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელმა მსოფლიომ და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ამ ომს, ჩვენს ომს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია“, რის შემდეგაც „რუსეთმა სამხედრო ბაზები განათავსა ჩვენს ტერიტორიაზე“.

„მე კიდევ ერთხელ ვუთხარი ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ ეს იყო შეცდომა, რომ არ მიექცა სათანადო ყურადღება აი ამ ოკუპაციას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დროებით ოკუპაციას. ასევე მე მათ ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, მაშინ არავის არ გამოუთქვამს ინიციატივა, რომ დაეწესებინათ სანქციები რუსეთისთვის და რაიმე სერიოზული რეაგირება მოეხდინათ. ეს იყო შეცდომა და ჩვენ ამ შეცდომის შედეგებს ვიმკით დღესაც. ეს არის პრობლემა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მას ამ შეფასებაში ყველა ეთანხმებოდა.

მისივე თქმით, მოლდოვაში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც იყო, რა დროსაც, მან ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ „ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად და დაახლოებით ივნისის ბოლოს დავასრულებთ ყველა ამ პრიორიტეტის შესრულებას და არჩევანი შემდეგ უკვე, ბოლო სიტყვა, სათქმელი იქნება ევროპაზე“.

„მე მათ ვუთხარი, რომ ამ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს ევროპაში, რომ როგორც მოლდოვას და უკრაინას მისცეს სტატუსი, საქართველოსაც მოგვანიჭონ სტატუსი“, – თქვა მან და დასძინა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, ეს იქნება მორიგი უსამართლობა და იქნება ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა. ამაშიც ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან“.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე თავად ევროპელი ლიდერების განწყობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად, პრემიერმა ღარიბაშვილმა: „მე ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება განხილვა ჩვენი საკითხის. ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ესმით ძალიან კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა“.

„მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ და ამას სხვათა შორის ყველანი დიდი აღფრთოვანებით ხაზს უსვამდნენ, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ჩვენ მივდივართ წინ. აი ეს იყო მთავარი საუბრები“, – დასძინა მან.

კიდევ ერთხელ აღნიშნა რა, რომ თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს სწორედ მოქმედი ხელისუფლებაა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით თქვა: „თუ რეალურად ევროპას და ჩვენს ევროპელებს სურთ, რომ იხილონ მინიმუმამდე დაყვანილი, შემცირებული პოლარიზაცია, მე მათ ვუთხარი, რომ სტატუსის მონიჭება ავტომატურად შეამცირებს, დაიყვანს მინიმუმამდე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას. ეს ხარისხი ავტომატურად დაიწევს. მათ ეს არგუმენტი მოისმინეს და ვფიქრობ, გაიზიარეს“.

„მე ნატო კი არ დავადანაშაულე, ომის დაწყებაში“

პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპონენტების მხრიდან იმ კრიტიკასაც უპასუხა, რომელიც მან უკრაინაში ომის დაწყების მიზეზად ნატოს გაფართოების დასახელების გამო დაიმსახურა. „მე ნატო კი არ დავადანაშაულე, ომის დაწყებაში, ეს რა თქმა უნდა აბსურდია“, – თქვა მან და დასძინა, რომ მას ახალი არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რასაც ყოფილი თუ მოქმედი ევროპელი ლიდერები ამბობდნენ.

ამ კონტექსტში მან უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, ასევე ბრატისლავაში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ნათქვამი გაიხსენა, სადაც მისივე თქმით, მან განაცხადა, რომ ომი უკრაინის გაცხადებული მიზნის გამო „მოხდა“, რომ გამხდარიყო „ევროპული ოჯახის“ ნაწილი. „მე ვთქვი, რომ ნატოს გამო მოხდა, ნატოს გამო კი არა, უკრაინის სურვილის გამო [გამხდარიყო ნატოს] და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის“. „ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ამახინჯებენ სიმართლეს, რეალობას“, – დასძინა მან.

„მთავარი მინდა ვთქვა, ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენი ქვეყანა არის თავად ოკუპირებული, თავად თავისი გამოწვევები აქვს და გაცხადებული მიზანი აქვს, რომ გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი, ამ დროს, ამ ქვეყნის პრემიერმინისტრს, რომ ადანაშაულებენ ასეთი არასერიოზული ბრალდებებით ასაჩუქრებენ, არის ძალიან სამწუხარო“ – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მას არაფერი უკვირს „ძალიან მავნებელი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე და ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი ძალებისგან და მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან“.

ამის შემდეგ, მან ყოფილი ხელისუფლება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თავიდან ვერაცილების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა: „მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა, დაკარგა ტერიტორიები, ჩააბარა რუსეთს ჩვენი ტერიტორიები, დაუთმო და შემოიყვანა [რუსული] ჯარი, დააკანონა ოკუპაცია და ამის შემდეგ, გადასცა რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ენერგეტიკული ინსფრასტრუქტურა, გაუხსნა უვიზო რეჟიმი და 1000 პრივილეგია მიანიჭა“.

პრემიერის თქმით, „ერთადერთი ძალა“, რომელმაც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მაქსიმუმი გააკეთა და ქვეყანას „რეალური შედეგი მოუტანა“, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა“. ამ კონტექსტში მან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, ევროპული პერსპექტივა და საქართველოში „ნატოს სამხედრო ერთობლივი ბაზის“ გახსნა დაასახელა. პრემიერმა სავარაუდოდ, კრწანისში მდებარე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრი იგულისხმა.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაზე პასუხი

ჟურნალისტებმა პრემიერს  ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნით ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შეფასებაც სთხოვეს, სადაც მან დანაშაულებრივ და უკანონო საქმიანობაში ჩათრევის მცდელობებზე საუბრისას, საქართველო და ბელარუსი ერთ კონტექსტში ახსენა.

„მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომში არის და მე არ მინდა გარკვეული სპეკულირების საფუძველი და საშუალება მივცე სხვა, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს“, – თქვა პრემიერმა და დაამატა: „სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან, ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, მიიღოს სტატუსი“.

მანვე აღნიშნა, რომ იგი ძალიან განიცდის იმას, რაც უკრაინაში ხდება, „ათასობით ადამიანი იღუპება ყოველ დღე, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ქალაქები და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები, ყველანი დაზარალდნენ და ზარალდებიან ამ ბრუტალური და სასტიკი ომით“. ირაკლი ღარიბაშვილმა „ომში მყოფ ქვეყანას“ კიდევ ერთხელ უსურვა „მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება“.

რუსეთთან „ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდეა“

პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპონენტების იმ კრიტიკასაც უპასუხა, რომელიც ბრატისლავაში მის მიერ რუსეთთან საქართველოს საზღვრის არასწორად დასახელებას მოჰყვა. „ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდეა, კონტროლირებადი. არაკონტროლირებადი არის 300 კილომეტრამდე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მოქმედი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ „ეს 300 კილომეტრიც დავიბრუნოთ და გახდეს შესაძლებელი და რეალობად ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, და დეოკუპცია მშვიდობიანი გზით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button