ახალი ამბები

პრემიერი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მოლდოვას სტუმრობს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის ფარგლებში მოლდოვას სტუმრობს, სადაც მან მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ორმხრივი შეხვედრები გამართა. მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში სამიტის მონაწილე ლიდერების დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს, 1 ივნისს გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტმა მაია სანდუმ უმასპინძლა.

დახვედრის ცერემონიის შემდეგ, პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ სამიტის მთავარი თემა უკრაინის ომი, ასევე ევროპის კონტინენტზე და ზოგადად, მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხები იქნება. ამ კონტექსტში მან სოლიდარობა გამოხატა „მეგობარი“ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და მათ ომის მალე დასრულებ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობის დასადგურება უსურვა.

პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ სამიტის ფარგლებში ქართული მხარე ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილებს ყურადღებას. ამ კონტექსტში მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. „ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები“.

ამის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „გადადგას სწორი ნაბიჯები“ და „ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე“.

„ჩვენი დიდი სურვილი და ოცნება არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს დეოკუპაცია მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ დიდი მიზნის მიღწევა“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა: „ჩვენი პოლიტიკა რაც არის, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და ჩვენ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ“.

მანვე აღნიშნა, რომ სამიტის ფარგლებში განხილვების ერთ-ერთი საგანი ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაც იქნება. „მე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – უთხრა მან ჟურნალისტებს და დასძინა: „რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს, ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა“.

მანვე მთიანი ყარაბაღის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და თქვა: „საქართველოს პოზიცია და როლი ძალიან ნეიტრალური და მიუკერძოებელია ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების კონტექსტში“. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს „ძალიან კარგი ურთიერთობები“ აქვს, როგორ აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან.

„საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი და თავისი არსით პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯან- სომხეთის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, 2021 წელს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო დიალოგს და მოლაპარაკებებს, რომლებიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის – მთელი რეგიონის ინტერესებშია“, – განაცხადა პრემიერმა.

მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მრგვალი მაგიდის ფორმატის თემატურ დისკუსიაზე სახელწოდებით – „უსაფრთხოება“, რომელსაც დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის პრემიერები – რიში სუნაკი და მათეუშ მორავიეცკი თანათავმჯდომარეობდნენ, დისკუსიის მონაწილეებმა კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებსა და ძალისხმევაზე ისაუბრეს.

ამავე ინფორმაციით, მათვე საქართველოს საკითხზეც გაამახვილეს, რა დროსაც პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button