ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი მიესალმება სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე მოსკოვის გადაწყვეტილებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეფასებით, თუკი „ჰუმანიტარული პრიზმიდან“ ვიმსჯელებთ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენაზე მოსკოვის გადაწყვეტილება „ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი“.

მისივე თქმით, ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომლებსაც ძალიან მჭიდრო კავშირი აქვთ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან და მოსკოვის ეს გადაწყვეტილება მათ ყოფით პირობებს გაუადვილებს და საშუალებას მისცემს შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა და ურთიერთობა. „ეს არის სწორედ ამ კონტექსტში და ჭრილში დანახული“, – დასძინა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განმარტა, რომ „რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება“. „სწორედ მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა ეს და ნებისმიერი ქვეყანა წყვეტს თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომლისთვის მოხსნას. სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე“, – ხაზი გაუსვა მან.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო სრულად ერთგული რჩება საერთაშორისო პარტნიორების და იქნება მჭიდრო კოორდინაციაში პარტნიორებთან „ფრენებთან დაკავშირებით საქართველო რჩება ერთგული იმ პოლიტიკის რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს“.

„პროაქტიულად საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმისთვის, რომ არ მოხდეს გვერდის ავლა ნებისმიერ სანქციებთან დაკავშირებით და ამ კონტექსტშიც საქართველო იქნება ცალსახად ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, – დასძინა მანვე.

კითხვაზე – იქონიებს თუ არა მოსკოვის ეს გადაწყვეტილება გავლენას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე? – ილია დარჩიაშვილმა უპასუხა: „არ შეიძლება ყველა საკითხი დავუკავშიროთ საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულებას“. მინისტრისთვის ასევე გაუგებარია, მაშინ, როდესაც ჩვენ „მეგობარ“ და „პარტნიორ“ მოლდოვასთან მიმართებით, რომელსაც უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი, კითხვები არ არსებობს, „რატომ შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებით გახდეს ეს კითხვის ნიშნის ქვეშ“. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა მოლოვასთან მიმართებით.

„ეს არის მიუღებელი. საქართველო პირნათლად და მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებს ევროინტეგრაციის პოლიტიკას. ვიცით. რომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გაგრძელდება მომავალშიც, რადგან ჩვენთვის ევროინტეგრაცია ეს არის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცემული განკარგულებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეძლებენ. ამასთან, 15 მაისიდან ასევე იხსნება საქართველოში ფრენებზე დაწესებული აკრძალვაც.

მოსკოვის გადაწყვეტილება დაგმო და მას „მორიგი რუსული პროვოკაცია“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მანვე საქართველოს ხელისუფლებას „მკაფიო პოზიციის“ გამოჩენისკენ მოუწოდა. „აუცილებელი არის, რომ რაღაც ზომები იყოს მიღებული იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ, ცივილიზუბულ ჩარჩოებში. ჩვენ ვართ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა, მაგრამ რაღაცები არის, რაც არ შეიძლება, რომ მოხდეს ქვეყანაში“, – განაცხადა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button