არასამთავრობოები: რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება
„საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენებისთვის ნებართვის გაცემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პირდაპირი საბოტაჟია“, – აცხადებს ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და დასძენს, რომ „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“.
18 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ „ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის და მისი პარტნიორები არ უშვებენ ფრენებს რუსეთიდან, ან რუსეთში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს საქართველოს ვალდებულების კუთხით, რომ შეესაბამებოდეს საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის დადგენილებებს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული“.
მათივე თქმით ევროკავშირში გაწევრიანებაზე ქართველი ხალხის 89%-ის ნებისა და საქართველოს კონსტიტუციის* საწინააღმდეგოდ, „ხელისუფლება აგრძელებს საგარეო კურსის შეცვლას“. „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინ ამგვარი დემარში უგულებელყოფს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საგარეო კურსს, რამაც უკვე მოგვიტანა უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები ევროკავშირში და არა რუსეთში“.
არასამთავრობოებისვე განცხადებით, საქართველოს „მოსახლეობა უკვე ზარალდება მთავრობის არსებული საგარეო პოლიტიკის გამო, რომლის ერთ-ერთი შედეგი რუსული იმიგრაციის ზრდაა საქართველოში“. „ფასების მკვეთრი მატება და ინფლაცია ამ პოლიტიკით გამოწვეული დამატებითი საფასურია, რომლის გადახდაც საქართველოს მოქალაქეებს გვიწევს“.
ამდენად, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, „შეწყვიტოს კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი, დაუყოვნებლივ თქვას უარი საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებაზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ“.
საქართველოს კონსტიტუცია*, 78-ე მუხლი: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია – „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/05/2023 – „ეს არის დადებითი და მისასალმებელი“, – პრემიერი რუსეთთან უვიზო მიმოსვლასა და ფრენების აღდგენაზე
- 11/05/2023 – ირაკლი კობახიძე: რუსეთს სანქციებს არ დავუწესებთ და არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს
- 10/05/2023 – ილია დარჩიაშვილი მიესალმება სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე მოსკოვის გადაწყვეტილებას
- 10/05/2023 – „მორიგი რუსული პროვოკაცია!“ – პრეზიდენტი რუსეთის მიერ საქართველოსთან ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)