skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს

ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა საქართველოს, რომ შეუერთდეს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში.

„მხედველობაში მივიღეთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ”, – განაცხადა მან და დასძინა – „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე.“

სტანომ ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და მოუწოდა საქართველოს, რომელიც „მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით“.

მისივე თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომლის შესახებ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს აცნობა, „საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას“.

ევროკავშირის პრესპიკერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ 10 მაისს გამოცემული განკარგულებით, 2023 წლის 15 მაისიდან იხსნება საქართველოში ფრენებზე დაწესებული აკრძალვა. ამასთან, იმავე დღეს გამოქვეყნებული კიდევ ერთი განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეძლებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button