ახალი ამბები

სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე მოსკოვის გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცემული განკარგულებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეძლებენ. ამასთან, 15 მაისიდან ასევე იხსნება საქართველოში ფრენებზე დაწესებული აკრძალვაც.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქართველ პოლიტიკოსთა გამოხმაურება მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ ამ საკითხზე მათ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი პარტიის გამოხმაურება

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე: „ამ სანქციების დაწესება და მოხსნაც მხოლოდ რუსეთის საკითხია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ რამე გავლენა ვერ გვექნება… საქართველომ ორი რამ მკაფიოდ განაცხადა და ჩვენ ამ განაცხადს კეთილსინდისიერად მივყვებით. პირველი – საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება გვერდი აუაროს ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა იმ სანქციებს, რომლებიც დაწესებულია რუსეთის მიმართ და ამ დანაპირებს საქართველო პატიოსნად, კეთილსინდისიერად ასრულებს და მეორე – განაცხადი, რომ საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ურთიერთობების ესკალაცია არ მოხდეს, ვინაიდან საქართველო კვლავ არის რუსეთთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის გაზრდილი რისკის ქვეშ “.

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მავნებლური და უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოდის. ისინი, პრაქტიკულად, საქართველოს ხელისუფლებისგან საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას ითხოვენ. რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად, რასაკვირველია, საქართველოს მონაწილეობის გარეშე, მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება… მინდა ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს მივმართო, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს სანქციების დაწესებას თქვენზე, რასაც, ბუნებრივია, ჩვენ არ ვეთანხმებით და საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს სანქციებს არ დაუწესებს“.

ირაკლი ზარქუა – „ქართული ოცნება“: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის კომფორტული იყოს რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება. დღეს რუსეთის მოქალაქეების ლარსის ხეობიდან ისედაც უპრობლემოდ გადმოდიან, საერთოდ არ აქვთ შეზღუდვა…შემდეგი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან იქნება კარგი, რომ აფხაზეთი დააბრუნოს, მესამე მნიშვნელოვანი ნაბიჯი- ოსეთი დააბრუნოს“.

ოპოზიციის გამოხმაურება

თინათინ ბოკუჩავა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს აღარ განიხილავს მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ, იმიტომ რომ ყველასთვის ცხადია, დღეს, საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალაა და ის, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა, ამას ძალიან ბევრი სხვადასხვა ფაქტი ადასტურებს – ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკა უკრაინასთან, რუსეთთან მიმართებით, ყოველდღიურ რეჟიმში ანტიდასავლური გზავნილები და ქმედებები. ასე რომ, გასაკვირი ამაში ნამდვილად არაფერია“.

გიორგი გახარია – „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე: „რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის „კარგი ქცევის“ შედეგი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას. ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ“.

სალომე სამადაშვილი – „ლელო საქართველოსთვის“: „დღეს რუსეთის მთავარ ამოცანას წარმოადგენს გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი და ამაში ცხადია, მათი მოკავშირე არის სწორედ ის ხელისუფლება, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს… ჩვენ როგორც ევროკავშირმა, ასევე აშშ-მა ცალსახად გვითხრა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან იქნება განხილული როგორც ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. შესაბამისად, პირველი რა განცხადებასაც ველოდებით ხელისუფლებისგან, თუ მათ ცხადია არ აქვთ გადაწყვეტილი რუსეთთან ერთად ჩაშალონ საბოლოოდ კანდიდატის მიღების შანსი, არის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებს ამ პოზიციას და პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის, სანამ რუსეთი არის სანქცირებული, ვერ აღდგება… თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ დღეს საქართველოს მართავს პუტინის მოკავშირე რეჟიმი, იმედია, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ, რომელიც აშკარადაა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დაჯილდოება, ყველა დაარწმუნა ამაში“.

გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“: „„ქართულ ოცნებას“ ლოიალურობა დაუფასა პუტინმა და მისმა რეჟიმმა. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ მათ შორის არის კავშირი და მეორე, რატომ აკეთებს ამას რუსეთი და „ქართული ოცნება“? უნდათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ „შემოგვტენონ“ უვიზო მიმოსვლა ან პირდაპირი ფრენები რუსეთთან. ჩვენი ამოცანა არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და საბოლოო წევრობა და არა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება“.

ხატია დეკანოიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი: „ეს არის კატასტროფა. არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ ქვეყანაში ატარებს. ეს არის ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკა… ზუსტად პუტინის გადაწყვეტილება დააჯილდოვოს საქართველოს ხელისუფლება… ეს არის პირდაპირ ის გზავნილი, რომელსაც პუტინი და კრემლი უშვებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ“.

ზურა გირჩი ჯაფარიძე – „გირჩი-მეტი თავისუფლება“: „უვიზო მიმოსვლა არ არის პრობლემა. ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს იმ ქვეყანაში… რომელმაც 2 საუკუნეზე მეტია სისხლი გაგვიშრო, აფხაზეთში ეთნიკური წმენდა მოაწყო, დღემდე ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, დღემდე იტაცებს, აწამებს და კლავს ჩვენ მოქალაქეებს. ამას ვერავის დაუშლი. პრობლემა იმაშია რომ რუსეთს სულ უფრო ვებმებით ეკონომიკურად და კრემლს ხელახლა ვაძლევთ ხელში ჩვენზე ზემოქმედების ეკონომიკურ ბერკეტებს. ეს იმ ფონზე, როცა დე ფაქტო ხელისუფლება დასავლეთის გინებით და დასავლეთისგან გაუცხოებითაა დაკავებული. ეს კეთდება მიზანმიმართულად, რომ როცა ცხადად დადგება არჩევანი, დასავლეთი თუ ევროპა, კრემლს ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობის იმ სეგმენტზე ზეწოლის ბერკეტი, ვინც ეკონომიკურად მიბმული იქნება რუსეთის სივრცესთან. ანუ, ერთი ხელით დასავლეთის გავლენის შემცირებას ცდილობენ რუსული კანონით და ანტიდასავლური კამპანიით, ხოლო მეორე ხელით რუსეთის გავლენას აძლიერებენ – ესაა პრობლემა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button