skip to content
ახალი ამბები

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 77-ე ადგილზეა

პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières – RSF) მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს პრესის თავისუფლების მაჩვენებელი მცირედით – 59.30 ქულიდან 61.69 ქულამდე გაუმჯობესდა და ქვეყანამ 89-ე ადგილიდან 77-ზე გადაინაცვლა. თუმცა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს და რომ გარემო სულ უფრო მტრული ხდება დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის. RSF-ის თქმით, „ქვეყნაში 2021 წელს ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა“.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 76 ქულა – საქართველომ საკანონმდებლო ჩარჩოს მაჩვენებელში აიღო, ყველაზე დაბალი კი – 47.17 – ეკონომიკურ კრიტერიუმში. ამასთან, საქართველოს 75.00 ქულა აქვს სოციოკულტურული კონტექსტის ინდიკატორში, პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში კი – 48.40 და 61.90 ქულა.

კვლევა „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი 2023“ 2022 წლის მოვლენებს ასახავს. ქულები გაანგარიშებულია 1-დან 100-მდე შკალაზე. რაც უფრო მეტია ქულა, მით უკეთესია ქვეყანაში მედიის მდგომარეობა და პირიქით. ქულა შემდეგ ორ კომპონენტზე დაყრდნობით გამოითვლება: ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ ძალადობის ხარისხობრივი მაჩვენებლით და სიტუაციის რაოდენობრივი ანალიზით, რომელიც RSF-ის კითხვაზე პრესის თავისუფლების სპეციალისტების პასუხებს ეფუძნება.

2022 წლიდან მოყოლებული, RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსი ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით არის შედგენილი, რომელიც ეფუძნება ზემოთ ჩამოთვლილ ხუთ კონტექსტურ მაჩვენებელს, მათ შორის, პოლიტიკურ კონტექსტს, საკანონმდებლო ბაზას, ეკონომიკურ კონტექსტს, სოციოკულტურულ კონტექსტს და უსაფრთხოებას. შესაბამისად, ორგანიზაციის თქმით, წლევანდელი ქულების წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

RSF-ის შეფასებები

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ განცხადებით, საქართველოში „მედიაგარემო მრავალფეროვანი და, იმავდროულად, უკიდურესად პოლიტიკურად პოლარიზებულია. მანიპულირება, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიით, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა“. გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რეგიონული და სათემო რადიოსადგურები სულ უფრო გავლენიანები ხდებიან, ბეჭდური მედიის მკითხველი იკლებს, ხოლო ონლაინ საინფორმაციო გამოშვებების მკითხველი მატულობს.

რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, RSF-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიის მფლობელობის წესები უგულებელყოფილია, რადგან ძირითადი ქსელები ხშირად პოლიტიკური კავშირების მქონე მფლობელების ინტერესებს ემსახურებიან, ხოლო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მედია“ ხელისუფლების მხრიდან ჩარევას განიცდის. ხელისუფლება უგულებელყოფს მედიის კრიტიკას და შესაძლოა ცენზურა, რეიდები და ცილისწამების კამპანიები გამოიყენოს.

ორგანიზაციის თქმით, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ გაახმოვანა განზრახვა, რომ გააკონტროლოს დამოუკიდებელი რადიოსადგურები და სატელევიზიო ქსელები. ეს მკაფიო გახდა ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შემოთავაზებულ ცვლილებებში და „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტში, რასაც პროტესტი და საერთაშორისო დონეზე წინააღმდეგობა მოჰყვა.

RSF-მა ხაზი გაუსვა, რომ ბეჭდური და ონლაინმედიის სარეკლამო ბაზარი განუვითარებელია, დაფინანსება კი ძირითადად დასავლელი დონორებისგან მოდის. ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული საკითხები, როგორებიცაა: რელიგია, ლგბტ უფლებები და რუსული გავლენა, მნიშვნელოვან სოციალურ დაძაბულობას იწვევს, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტურ გაშუქებაზე. ორგანიზაციის თქმით, „გავლენიანი სოციალური ფიგურები, მაგალითად მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ელექტრონულად კონტროლდებიან უსაფრთხოების სამსახურების მიერ, რითაც ირღვევა ჟურნალისტების კონფიდენციალური წყაროების დაცვის უფლება“.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ჟურნალისტებზე ხორციელდება სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები, განსაკუთრებით არჩევნების დროს, ზოგჯერ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან. 2021 წელს ჟურნალისტებზე თავდასხმის გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის ნაკლებობა, მათ შორის, ოპოზიციური ტელევიზიის – „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას სამწელიწადნახევრიანი პატიმრობა, მიუთითებს იმ დაუსჯელობაზე, რომლითაც ჟურნალისტებზე თავდამსხმელები სარგებლობენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button