ახალი ამბები

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს ეხმიანება

მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მოუწოდებს ქართველ დეპუტატებს, რომ არ მიიღონ უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტები და საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის გამო შეშფოთებას გამოხატავს.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟანა კაველიემ განაცხადა, რომ კანონპროექტები საფრთხეს უქმნის საქართველოში პრესის თავისუფლებას. მისივე თქმით, ინიციატივა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მისი სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაა, რაც „მათი სტიგმატიზებისა და დაშინების მკაფიო მცდელობას წარმოადგენს“. ორგანიზაცია რუსულ კანონმდებლობასთან მსგავსებასაც აღნიშნავს, რომელიც „ბოლო წლებში რუსეთში ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად გამოიყენება“.

ორგანიზაცია კანონპროექტების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებითაც გამოთქვამს შეშფოთებას. „მოვუწოდებთ პარლამენტს არ მიიღოს ეს დრაკონული კანონი, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს შეუძლებელს გახდის“, – განაცხადა კაველიემ.

ორგანიზაცია ამავე თემაზე საერთაშორისო კრიტიკასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეც ამახვილებს ყურადღებას. განცხადებაში ასევე ნახსენებია ჟურნალისტების დაკავება 2 მარტის საპროტესტო აქციის დროს. ორგანიზაცია „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ნიკო კოკაიას შემთხვევაზეც საუბრობს, რომელმაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს, ფეხი დაიზიანა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის ტენდენციაზეც ამახვილებს ყურადღებას და შეშფოთებას გამოხატავს ცენზურასთან დაკავშირებით, მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ დეკემბერში მიღებულ კანონთან მიმართებით, რომლის მიზანიც „სიძულვილის ენის დარეგულირებაა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button