ახალი ამბები

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მაუწყებლობის შესახებ შესწორებულ კანონს ეხმაურება

მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 26 დეკემბერს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ ცვლილებებს Twitter-ით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „შეშფოთებულია იმ რისკებით, რომლებსაც ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას უქმნის“.

არასამთავრობოთა მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები 22 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე 81 ხმით დაამტკიცა.

2022 წლის 7 სექტემბერს ინიცირებული ცვლილებებით, რომლის მიზნადაც ქართული ოცნების დეპუტატებმა საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ ევროკავშირის შესაბამის დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანა დაასახელეს, ფართოვდება კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მედიის შინაარსის ზედამხედველობის საშუალება.

იცვლება ცილისწამებასთან დაკავშირებული დავების მოგვარების წესიც და ემატება „პასუხის უფლების“ პუნქტი, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ კონკრეტულმა მედიამ მათ შესახებ ყალბი და ცილისწამებლური ინფორმაცია გაავრცელა, საჩივრით პირდაპირ კომუნიკაციების კომისიას მიმართონ. გარდა ამისა, კომისიის გადაწყვეტილებები მიღებისთანავე შევა ძალაში, მიუხედავად იმისა, გასაჩივრდება თუ არა ისინი სასამართლოში.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ინიცირებიდან მალევე გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს ქმნიდა, რაც ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს გააუარესებდა.

მათვე ხაზი გაუსვეს, რომ „კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიასაშუალებების სანქცირების პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად იზრდებ[ოდ]ა კრიტიკული მედიის მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებით მოსალოდნელი ზიანის რისკი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button