skip to content
ახალი ამბები

პრემიერი ბრიუსელში ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს სტუმრობს, სადაც 25 აპრილს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან

ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, პრემიერი ღარიბაშვილი მიესალმა ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის მიმართ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოს, როგორც ნატოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორის როლზე ისაუბრა და ევრო-ატლანტიკური მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში საქართველოს ძლიერ კონტრიბუციას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, „საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება“. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ომი უკრაინაში საქართველოსთვის, რეგიონისა და მთლიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის „უდიდესი გამოწვევაა“.

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველო „ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია“ და ხაზი გაუსვა, რომ „მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ნატოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ქონდეს, და ქვეყანაში უფრო აქტიური დემოკრატიული რეფორმების განხორციელების საჭიროებას გაუსვა ხაზი. „სანაცვლოდ, ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვის კუთხით“. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ „სწორედ ამიტომ მივესალმები უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გამოწვევას, რაც შეუსაბამო იყო ევრო-ატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან“. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ „ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, აყვავებული ქვეყანა, რომელიც ევრო-ატლანტიკურ რეგიონში იქბება ინტეგრირებული“.

მისი თქმით, იგი პრემიერმინისტრთან ასევე განიხილავს ნატო-საქართველოს პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებს და „როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის“, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში თანამშრომლობის გზით.

„ჩვენ ასევე ვისაუბრებთ რუსეთის აგრესიაზე და უკრაინის გვერდში დგომის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა და დასძინა: „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის აგრესია ტოქსიკურია და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის“. „ველით, რომ ამ მიზანს ნატოს ყველა პარტნიორი დაუჭერს მხარს“.

შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს გაუზიარა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. პრემიერმინისტრის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პროგრესს გაუსვა ხაზი. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონის უსაფრთხოებაზე მისი გავლენაც განიხილეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა როგორც არასდროს ევროკავშირის პრიორიტეტების შესრულება გადამწყვეტია. მისი თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემაში, კანონის უზენაესობისა და პრესის თავისუფლების კუთხით რეფორმების გაღრმავენის საშიროებას. მისივე თქმით, ეს საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა და ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button