skip to content
ახალი ამბები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტმა არასამთავრობოებისა და მედიის ნაწილის წერილს უპასუხა 

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბატონი გვარამიას სასამართლო პროცესს. მათ შორის, თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის მეშვეობით“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტთან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების შუამდგომლობის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტის მიერ არასამთავროებისა და მედიის ნაწილის თხოვნის საპასუხო წერილში, რომელსაც ხელს კაბინეტის უფროსი, ფრედერიკ ბერნარდი აწერს.

„ევროკავშირი არ აკეთებს კომენტარებს ცალკეული საქმეების გარემოებებზე, თუმცა ჩვენ აღვნიშნავთ იმ კითხვებს, რომლებიც ბატონი გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გაჩნდა, მათ შორის, სახალხო დამცველი მხრიდან, ბრალისა და განაჩენის ნაწილში“, – ნათქვამია წერილში და ხაზგასმულია, რომ ევროკავშირმა ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დღესვე გაავრცელა განცხადება.

წერილში ასევე ხაზგასმულია, რომ „ფუნდამენტური უფლებები და სამართლიანი პროცესი დაცული უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი გადაწყვეტილებებით, კანონის უზენაესობის და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისად”.

„ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს სისტემის ინკლუზიური და ყოვლისმომცველი რეფორმის გატარებისკენ არაერთხელ მოუწოდა. ეს 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და ევროკავშირის-საქართველოს ახლახან დამტკიცებული ასოცირებული დღის წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედიცაა“, – ვკითხულობთ წერილში.

საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის წერილში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ძლიერ ძალისხმევას უნდა მიმართოს თავისუფალი, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შესაქმნელად, ამასთან უზრუნველყოფს, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ დაწყებული საქმეები უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

„ევროკავშირი მიმდინარე პროცესებსა და სასამართლო სისტემის რეფორმას კვლავაც ყურადღებით დააკვირდება და მზად არის დაეხმაროს [საქართველოს] ყველა მნიშვნელოვან ძალისხმევაში, რომლებიც რეფორმების განხორციელებისთვისაა საჭირო, რათა რეალობად აქციოს მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებები“, – ვკითხულობთ წერილში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button