ახალი ამბები

ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, სადაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა. გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უძღვებოდა და მასში დაახლოებით 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. სამინისტრომ აღნიშნა, რომ „შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურა უკრაინისთვის დაპირებული სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ“. რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. შეხვედრაზე ფორმატის ერთი წლისთავი აღინიშნა.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა შეხვედრამდე Twitter-ზე დაწერა, რომ შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებია: ანალიზი თუ რა გაკეთდა, ასევე 2023 წლის სტრატეგია, შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი საჭიროებები და უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა დანაყოფებისთვის დახმარების პროგრამების გადანაწილება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button