skip to content
ახალი ამბები

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი: „კარი ფართოდაა ღია საქართველოსთვის“

მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის თბილისში ვიზიტის შემდეგ, საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ამ ვიზიტის, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შეფასებისას, ელჩმა განაცხადა, რომ ვიზიტი „ძალიან კარგი და წარმატებული“ იყო და აღნიშნა, რომ მინისტრმა შეხვედრებზე ზუსტად ის თქვა, რაც საჯაროდ და მთავარი აქცენტი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გაკეთდა. ელჩის თქმით, მინისტრმა განაცხადა, რომ  გერმანიას სურს, რომ საქართველომ წელს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. „მან თქვა, რომ გერმანიას ეს სურს, ევროკავშირს ეს სურს“. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ დაკარგოს ეს შესაძლებლობა. „ჩვენ გვაქვს ამის ინტერესი. კარი ფართოდაა ღია საქართველოსთვის. შესაძლებლობა არის ახლა, არა ხვალ, არა გუშინ, არამედ ახლა. ამ დროიდან დეკემბრამდე საქართველომ ამ კარში უნდა გაიაროს. უკანა კარი არ არსებობს. გვერდითი კარი არ არსებობს. თქვენ არ შეგიძლიათ გაიაროთ რადარის ქვეშ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს ვიხილოთ უფრო მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტში, კერძოდ, ახლა კანონში დეოლიგარქიზაციის შესახებ, მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ და ასევე დეპოლარიზაციის შესახებ“.

ელჩის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ დეკემბერში დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული „საქართველოს მთავრობის გაზრდილი ძალისხმევით და ქართველი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერით“. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი არის ქვეყნების ერთობლიობა, რომლებიც ხელს აწერენ ერთსა და იმავე ღირებულებებს, იგივე იდეას სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე. „თუ ჩვენთან ახლოს მყოფი ქვეყნები იზიარებენ ამ ღირებულებებს, იზიარებენ ისტორიას, მაშინ ჩვენ მივესალმებით მათი მხრიდან წვლილის შეტანას. თქვენ შეგიძლიათ წვლილის შემოტანა, ჩვენ კი შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თქვენს საქმიანობაში“, – განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე იყო თუ არა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი მმართველი პარტიის გაფრთხილება, რომ არ გადაკვეთოს წითელი ხაზები მათი ანტი-დასავლური განცხადებების ფონზე, გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ „მე ამას ასე არ გამოვხატავდი“ და დასძინა, რომ „სისულელეა“ გერმანიის ან ევროკავშირის დადანაშაულება, რომ თითქოს ისინი „გლობალური ომის პარტიის“ ნაწილი არიან. „ჩვენი მიზანი იყო ამ ომის თავიდან აცილება და როცა რუსეთის აგრესიის გამო ომი დაიწყო, ჩვენ ვცდილობდით მის შეზღუდვას და არა გაფართოებას“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა: „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქართველოს სისუსტეები და შეზღუდვები და პატივს ვცემთ მათ“. მისივე თქმით, დასავლეთი ცდილობს სანქციების საშუალებით აჩვენოს რუსეთს, რომ მას ეს ძვირი დაუჯდება.

2023 წლის თებერვალში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირთან შესაბამისობის შესახებ გამოქვეყნებული შეფასების, ასევე საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ დასმულ კითხვაზე, ელჩმა ფიშერმა განაცხადა, რომ მთლიანობაში, მოხსენებამ კარგი პროგრესი აჩვენა. მისი თქმით, „საქართველოს მიეცა 12 რეკომენდაცია, რადგან კრიტერიუმების არსებითი ნაწილი არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ პლურალისტური დემოკრატიული საზოგადოების ძირითად ღირებულებებს: დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია, უმცირესობების უფლებების დაცვა და ენერგიული, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესში“. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ „საქართველო უფრო ნათლად და ყოველგვარი ეჭვის გარეშე აჩვენებს, რომ ის ევროკავშირის ამ ძირითადი მიმართულების ერთგულია, რაც გულისხმობს მდგრად, პლურალისტურ დემოკრატიას“.

კითხვაზე ხედავს თუ არა ის ქვეყნის დასავლეთის ორბიტიდან გარიყვის საფრთხეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ელჩმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ის, თუ რომელ ორბიტაზე იმყოფება საქართველო. „ჩვენ გვაქვს ინტერესი, გვაქვს უფრო მეტი შეთავაზება, მეტი, ვიდრე უბრალოდ „ჩვენს ორბიტაზე ყოფნაა“…ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს გახდეს ჩვენი კავშირის წევრი“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ  „ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველო არ იყოს სხვა სახელმწიფოების ორბიტაზე“.

კითხვაზე ფიქრობს თუ არა ის, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო მკურნალობისთვის, ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ გაუწიოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება პატიმრობაში მყოფ პირს. „ეს ადამიანის უფლებაა… ჩვენ ვამბობთ, რომ მოგვმართონ თუ რაიმე სახით შეგვიძლია დახმარება. ჩვენ გვსურს დახმარება“.

რაც შეეხება საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობას, რა მიმართულებით უნდა გააღრმავოს ორმა ქვეყანამ თანამშრომლობა და რას ურჩევდა ელჩი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს წინსვლა ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე და გააგრძელოს ის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელსაც საქართველო და ნატო ერთად აკეთებენ. ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით ელჩმა განაცხადა, რომ ეს ურთოერთობები სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, მათ შორისაა უნარების განვითარება, პროფესიული მომზადება, ასევე თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში და ენერგეტიკის სექტორის რეფორმების, განახლებადი ენერგიის კუთხით. ელჩმა ხაზი გაუსვა ბიზნესის როლს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაში. „ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ დამხმარე ჩარჩო და აქ არის შუა დერეფნის მთელი კონცეფცია. საქართველოსთვის ახლა დიდი შესაძლებლობაა იმუშაოს მეზობელ ქვეყნებთან, რათა უზრუნველყოს ლოჯისტიკა, ტრანსპორტირება, ენერგეტიკა რეგიონულ დონეზე და ყველა ის ბიზნესი და მომსახურება, რაც მასთან არის დაკავშირებული. მე დარწმუნებული ვარ, გერმანულ კომპანიებს დიდი სურვილი ექნებათ მიიღონ მონაწილეობა ამაში. რაც უფრო მიუახლოვდებით ევროკავშირს, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია ჩამოვა“, – განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე შეძლებენ თუ არა ევროკავშირის ქვეყნები მტკიცე, საერთო პოზიციის შენარჩუნებას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ თუ კონფლიქტი უფრო დიდხანს გაგრძელდება, ელჩმა ფიშერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი და მისი ეკონომიკა არ ჩამოიშალა, რადგანაც „ეს არის ფანტასტიკური, მშვენიერი იდეა და გაერთიანება, რომელშიც ადამიანები ნებაყოფლობით შედიან, რადგან მათ სჯერათ პლურალისტური დემოკრატიის. მათ სჯერათ თავისუფალი ბაზრის, მათ სჯერათ საერთო სიკეთეებზე მუშაობისთვის რესურსების გაერთიანების, მათ სჯერათ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის და რასაც ახლა რუსეთი გვთავაზობს, სამწუხაროდ, სრულიად საპირისპიროა“.

ელჩის თქმით, ევროკავშირი იმსჯელებს იმაზე, თუ რა სახის იარაღი უნდა გაეგზავნოს უკრაინას და რა დონის მხარდაჭერა შეიძლება შესთავაზონ მას. „ჩვენ დავიცავთ ჩვენს ძირითად ღირებულებებს, რომლებსაც რუსეთი ესხმის თავს“. პეტერ ფიშერმა აღნიშნა, რომ მისი პროგნოზით, ევროკავშირი არ შეამცირებს უკრაინის მხარდაჭერას. „უკრაინა ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეს, როგორც სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და თვითგამორკვევის უფლება და თავისუფლება გადაწყვიტოს საკუთარი ბედი“. ელჩმა დასძინა, რომ „რუსეთი ამას ვერ გადაწყვეტს. ამიტომ, უკრაინაზე თავდასხმა ჩვენს ღირებულებებზე თავდასხმაა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button