გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც იგი თავის ქართველ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, შემდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, ამის შემდეგ კი – ცხინვალის საოკუპაციო ხაზს ესტუმრა. ანალენა ბერბოკი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სტუდებტებსაც შეხვდა.
არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ოფისში შეხვდა. საიას ინფორმაციით, შეხვედრაზე მათ ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობას.
ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვდრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მინისტრმა დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერბოკის ვიზიტი ადასტურებს გერმანიის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ, ასევე გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან დროს, განსაკუთრებით რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. მან გერმანიას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის და დასძინა, რომ მხარეებმა განიხილეს „საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ისტორიული მნიშვნელობა“ და „საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესასრულებლად“. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ ამ მიმართულებით დაფიქსირებული „პროგრესი სათანადოდ შეფასდება“ და შედეგი „ისტორიულ გადაწყვეტილება“ იქნება. დარჩიაშვილის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, აგრეთვე რეგიონული უსაფრთხოება, მათ შორის, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დეპოლარიზაცია. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ამ გზაზე. „ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია უკან დახევა”. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის გზა ნიშნავს „ნაბიჯების გადადგმას”.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა „არ შეიძლება შემცირდეს, განსაკუთრებით ღირებულებების კუთხით“. მისი თქმით, გერმანია ძალიან ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
მან ასევე ისაუბრა იმ „მძაფრ შთაბეჭდილებაზე“, რომელიც მასზე თბილისში მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოახდინა, როდესაც დაინახა დემონსტრანტები, რომლებიც ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია“ და დასძინა, რომ „საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე და ქართული სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ევროკავშირის წევრი საქართველოს მთავრობის გარეშე“. ანალენა ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ ყველამ ერთად უნდა იმუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მისაღწევად.
პრეზიდენტთან შეხვედრა
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ანალენა ბერბოკის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას. ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის“.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისვე ინფორმაციით, თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. ,,ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორემების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – წერს ადმინისტრაცია ბერბოკის სიტყვებზე დაყრდნობით.
I thank @ABaerbock for coming to Georgia and for ??'s continuous support for ??’s independence & its unwavering European path.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 24, 2023
?? continues to work towards receiving the ?? candidate status. The Georgian people cannot understand another refusal & disappointment.
?? counts on ?? pic.twitter.com/YQoOfmpgHN
პრემიერმინისტრთან შეხვედრა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს-გერმანიას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ანალენა ბერბოკმა. მათვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში „საქართველოს მნიშვნელოვან როლს“ გაუსვეს ხაზი. პრემიერმა ღარიბაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა ევროინტეგრაციის გზაზე „მტკიცე მხარდაჭერისთვის“ მადლობა გადაუხადა.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)