ახალი ამბები

ანალენა ბერბოკი: ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს, 23 მარტს თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტს წინ უძღვოდა დემოკრატიული რეფორმების არარსებობის მზარდი კრიტიკა, ასევე მმართველი უმრავლესობის მიერ ე.წ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევა, თბილისსა და სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები და „ქართული ოცნების“ მთავრობის არამეგობრული რიტორიკა ევროკავშირისა და, ზოგადად, დასავლეთის მიმართ.

„ჩემი მოგზაურობისას, მინდა ნათელი გავხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის მიმართ შიდა და გარე ზეწოლებს. მე გავესაუბრები საქართველოს მთავრობას იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გადადგას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად“, – ნათქვამია ვიზიტის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროკავშირი ქართველებისთვის გაცხადებული მიზანია“. „ბოლო კვირების განმავლობაში, მათ თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშა აფრიალეს, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად“, – დასძინა გერმანიის საგარეო მინისტრმა.

მან „დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემის“ პარალელურად, მედიის თავისუფლებისს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებისა და საჯარო დებატების პატივისცემის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, „მაშინაც კი, თუ მოსაზრებები ზოგჯერ შორს არის ერთმანეთისგან“. „როგორც ევროკავშირს, ჩვენ ეს ღირებულებები გვაერთიანებს და დარწმუნებულები ვართ, ამას ხელი არ უნდა შეეშალოს“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო უწყების ხლემძღვანელის დაგეგმილი ვიზიტის პარალელურად, თბილისში უკვე ჩამოვიდნენ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატები. საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის ინფორმაციით, ქართველ კანონმდებლებთან შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირისკენ გზა და ევროკომისიის 12 პრიორიტეტი იქნება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button