ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 7 აპრილს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სხვა საკითხებთან ერთად ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის „ისტორიულ პროექტზეც“ იმსჯელეს, პროექტის მიმდინარეობის დინამიკა და მასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.
მათვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე საუბრისას, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ხაზი. „ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს დაუდასტურა მზადყოფნა, საქართველომ კვლავაც შეიტანოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
During meeting w/ @presidentaz highlighted that ?? values its strategic partnership w/ ??, & is committed to deepening co-op across a variety of sectors, incl. energy, trade, transport & security. Together we can address regional challenges & promote co-op for mutual interests. pic.twitter.com/GPnE9qPrXP
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) April 7, 2023
შეხვედრის შემდგომი კომენტარები
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ალიევმა თქვა, რომ პრემიერთან შეხვედრაზე ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე და უკვე მიღწეულ შეთანხმებაზე იმსჯელა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს როლი კიდევ უფრო იზრდება. მანვე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიან მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობაც აღნიშნა და დასძინა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტი ამ კუთხით კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს.
თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობებსა და უკვე განხორციელებულ, „ისტორიული მნიშვნელობის“ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, „რამაც კიდევ უფრო მეტად დააკავშირა ჩვენი ერები“. „საქართველო არის სანდო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანა ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ ევროპას მიაწოდოს მწვანე განახლებადი ენერგია“. მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან ერთად საქართველო ე.წ. „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართულებითაც „კოორდინირებულად“ მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ ალიევთან უკრაინაში მიმდინარე ომზეც იმსჯელა და ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა და ინტერესი არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობისთვის ჩვენი ხალხებისთვის“.
პრემიერთან ერთად აზერბაიჯანში ასევე იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/12/2022 – აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი თბილისს ესტუმრა
- 24/10/2022 – ილჰამ ალიევი საქართველოს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)