skip to content
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 29 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართული დემოკრატიის სამიტის მონაწილეებს ვიდეოფორმატით მიმართა და ძირითადი ყურადღება დემოკრატიის კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.

პრეზიდენტის თქმით, იმ ფონზე, როდესაც დღეს „ყველას წინაშეა დესტრუქციული გამოწვევები პოლარიზაციისა და დეზინფორმაციის სხვადასხვა ფორმების, პანდემიის, სოციალური დაძაბულობისა და დისკრიმინაციის, კონფლიქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების სახით“, „დემოკრატიის დაცვა და კონსოლიდაცია საჭიროა ისე, როგორც არასდროს“.

„ეს გამოწვევები, რომლებიც ჩვენს საზღვრებს შიგნით თუ მის გარეთ ღვივდება, საბოლოოდ ანადგურებს ხალხის ნდობას მათი მთავრობების, ინსტიტუტებისა და თავად დემოკრატიის მიმართ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა ჩვენი საერთო ღირებულებებისა და სოლიდარობის მიმართ და შევასრულოთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები“.

ამის შემდეგ, „რთული გეოპოლიტიკური გარემოსა და შიდადაძაბულობის მიუხედავად“, პრეზიდენტმა საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის დასრულებაზე, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნული სამოქალაქო გეგმისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ზომები მიღებაზეც გაამახვილა ყურადღება. მანვე დასძინა, რომ ამ ფონზე, ინკლუზიური პროცესით სასამართლო რეფორმის განხორციელება, „ჩვენგან კვლავ სათანადო ძალისხმევას მოითხოვს“.

სალომე ზურაბიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმების მიღების პარალელურად, ქართველმა ხალხმა პროგრესი „თბილისის ქუჩებში სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი კუთხით შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებითაც“ აჩვენა, „რაც შთააგონებდა და შთააგონებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე“.

ამ პროტესტმა წარმატებას მიაღწია როგორც ,,უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ გაუქმებაში, რაც დემოკრატიის გამარჯვება იყო, ასევე, პოლარიზაციის დაძლევის უნარის დემონსტრირებაში, როდესაც ის საერთო მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული. ამ თვალსაზრისით, დაიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

აღნიშნა რა, რომ „ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი“ და „მას ალტერნატივა არ აქვს“, პრეზიდენტმა გამოთქვა „მტკიცე“ დაპირება და მზადყოფნა, „ვითანამშრომლოთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან უფრო დემოკრატიული, მშვიდობიანი და მდგრადი მსოფლიოს მშენებლობაში, რომელშიც საქართველო მოიპოვებს ადგილს, როგორც სანდო პარტნიორი“.

ომი უკრაინაში

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ სრულმასშტაბიან ინტერვენციაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეს ომი „წარმოუდგენელ ნგრევას, ტანჯვას, ადამიანთა დანაკარგს და ადამიანის უფლებების ჩამორთმევას იწვევს“.

„უკრაინის წინააღმდეგ ომი, ნამდვილად არის ომი, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ. შეხსენება იმისა, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერები, ანუ მხარდაჭერილნი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ და გაერთიანებულნი საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დასაცავად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button