skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი „ტვ. პირველთან“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც აშშ-ისა და ეროკავშირის დედაქალაქში ვიზიტებიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, 24 მარტს, „ტელეკომპანია პირველთან“ ვრცელ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს დიდი ნაწილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასა და ამ მიმართულებით გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე საუბარს დაუთმო.

კანდიდატის სტატუსი

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე პირველი უარი „ცოტა უსამართლოდ იყო განცდილი მოსახლეობისგან“, მაგრამ მისივე განცხადებით, „ეს გასაგებიც იყო“, რადგან „რაღაცებში არ გამოვხატეთ ის პოლიტიკური ნება“ და ხელისუფლების მხრიდან სტატუსის მისაღებად „გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული. ამიტომ, გასაგები იყო“. მაგრამ მისივე თქმით, „რეალობას თუ გავუსწორებთ თვალს, [მმართველი გუნდის მიერ] შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან ხელაღებულად გადაგდების შემდეგ, [ხელისუფლების მხრიდან] პოლიტიკური ნება ნაკლებად იგრძნობოდა“ და ევროკავშირში გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მიიღეს.

„ახლა სხვა მდგომარეობა არის… ყველაფრის მიუხედავად, თუნდაც ხელისუფლების გაუმართლებელი ზოგი გადაწყვეტილების, თუ რიტორიკის მიუხედავად, დღეს აღარ შეიძლება საქართველოსთვის მეორე უარის თქმა – სტრატეგიულად, გეოპოლიტიკურად, იმიტომ, რომ ჩვენი იზოლაციაში გადასროლა, არ შეიძლება“, – თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „სტრატეგიულად საქართველო დღეს არის ისეთ რეგიონში, რომელიც ყველასთვის ძალიან საჭირო არის სტაბილურობისთვის და არა რაიმე მეორე ფრონტისთვის“.

კანდიდატის სტატუსის კონტექსტში, პრეზიდენტმა ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ საზოგადოებამ „აჩვენა, სად არის, საითკენ მიდის და ესეც უნდა იყოს აღიარებული ერთი მხრივ“. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, კანდიდატის სტატუსზე მეორე უარი, „იქნება ანტისიგნალი რუსეთისთვის“. „არ შეიძლება, რომ რუსეთს მისცე რამე ისეთი განცდა, რომ საქართველო აღარ არის ისე მჭიდროდ დაკავშირებული ევროპასთან, ამერიკასთან“.

კანდიდატის სტატუსის მიღებაზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პირობის შესრულების ნაწილში ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების გამოვლენის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი. „ხელისუფლება არის დამოკიდებული თავის ამომრჩეველზე, რომელმაც აირჩია ეს ხელისუფლება არა დღევანდელი რიტორიკისთვის, არამედ სწორედაც ევროკავშირის პერსპექტივისთვის“.

„ეს იყო ის ხელისუფლება, რომელიც დაჰპირდა [ხალხს], რომ 2024 წელს წარვადგენთ [ევროკავშირის წევრობაზე განცხადს], ეს იყო ის ხელისუფლება, რომელმაც ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი მთავარი მიზანი და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ამ მიმრთულებით უნდა მოღვაწეობდეს და მე ვთვლი, რომ ისინიც ამის გამო არიან არჩეულნი და მეც ჩემი ევროპული ორიენტაციის გამო“, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა: „მეც და ხელისუფლებაც ვართ ვალდებულნი, რომ ჩვენს მოსახლეობას და ამომრჩევლებს ვუპასუხოთ მათ მიერ მოცემულ მანდატზე“.

ჟურნალისტის კითხვაზე – „ასხივებს თუ არა მოქმედი ხელისუფლება ამგვარ პოლიტიკურ ნებას?“, – პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არა“. „უნდა დააძალო ხელისუფლებას, რომ იყოს ერთგული მისი დაპირებების. არ შეიძლება, რომ ხელისუფლება გადადიოდეს სრულიად სხვა სივრცეში და სხვა რიტორიკას ავლენდეს, როცა იყო არჩეული სულ სხვა რამისთვის“. „ხელისუფლება, რომელსაც აღარ აქვს თავისი ამომრჩევლის მხარდაჭერა, მიდის სხვა გზით და იძულებული ხდება ნელ-ნელა, რომ უფრო სხვა ბერკეტები გამოიყენოს“, – თქვა პრეზიდენტმა.

მანვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ხელისუფლებას ურჩია, რომ „მოუტანოს სტატუსი თავის ამომრჩევლებს“, რადგან „ეს არის ის, რასაც ელოდება ამომრჩეველი“. „ჩვენთან ცოტა არ აქვთ იმის განცდა, რომ შენ შეგიძლია მოიგო არჩევნები პოზიტივით და არა ნეგატივით, მიღწევებით და არა დაპირისპირებით, შევიწროებით, ლანძღვა-გინებით და ა.შ.“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.

„ჩვენი მთავარი მოვალეობა არის, რომ არ მივცეთ გასაქანი ხელისუფლებას. ხელისუფლება უნდა დარჩეს მის მიერ ადრე არჩეულ გზაზე. ეს არის ელემენტარული დემოკრატიული პრინციპები…, მე ვიქნები ერთგვარი დარაჯი ამ გზაზე“, – თქვა პრეზიდენტმა და დაამატა: „დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი იქნება ჩემს გვერდით, როცა იქნება გადაწყვეტილებები მისაღები სხვადასხვა მიმართულებით“.

„მაგალითად, თუ საჭირო გახდა ვეტოს გამოყენება, ნებისმიერ კანონმდებლობას, რომელიც წავა ჩვენი ევროპული პერსპექტივის საწინააღმდეგოდ ან ამ რეკომენდაციების სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, იქ იქნება გამოყენებული ეს ვეტო, რომლის დაძლევა ნამდვილად შეიძლება, მაგრამ ამას აქვს ძალიან ძლიერი სიმბოლური წონა“, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და თქვა, რომ დარწმუნებულია, რომ ხალხის განწყობასთან ერთად, „გადაწონის“ მთავრობის რიტორიკას. „დემოკრატია ამას ნიშნავს, რომ ან ხალხთან ერთად ხარ და მაშინ ძლიერი ხარ და ხალხს თუ ჩამოშორდები, მაშინ ბევრად ნაკლებად“.

ამ პროცესში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დასავლელი პარტნიორების განწყობებზეც ისაუბრა და თქვა: „არავის აქვს სურვილი, რომ იზოლაციაში მოაქციოს და ჩიხში [შე]იყვანოს ხელისუფლება. ყველას უნდა, რომ ხელისუფლება დააბრუნოს თავის სწორ გზაზე… [ასევე], არავის აქვს სურვილი, რომ საქართველო გვერდზე დარჩეს ამ ძალინ დიდი პერსპექტივისგან“. მისივე თქმით, „ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს [შესაძლებლობის] ფანჯარა და აუცილებელი არის, რომ მაქსიმუმი მობილიზაცია მოხდეს ამ ფანჯრის მიმართულებით“. ამ პროცესში მან „ეროვნული თანხმობის“ მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ „არ არის არავისთვის არაფრის მომტანი ეს დაპირისპირება, არაფერთან მიმსვლელი არ არის, არაფერს გვაძლევს, გარდა სისუსტისა და გარედან ძალიან არასასიამოვნო სურათისა“.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მისი ხელისუფლებასთან ე.წ. „დაპირისპირებულ ბანაკთან“ ასოცირების მცდელობებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ „ამას ვერავინ მიაღწევს, იმიტომ, რომ მე სადაც ვიყავი, იქ ვარ, იგივე პრინციპებით, იგივე მიმართულებით“. „როცა დაიწყო, [მიხეილ] სააკაშვილის პერიოდში ავტორიტარიზმისკენ [სვლა], დავდეგი ამის წინააღმდეგ. აქ როცა იწყება იგივე ტენდენციები, აქაც ვიტყვი, რაც არის საჭირო“.

პრეზიდენტმა მმართველი გუნდი ოპონენტების მიმართ შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოც გააკრიტიკა და თქვა, რომ მსგავის განცხადებები „ძალიან ცუდია“. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელისუფლება იმის გამოც გააკრიტიკა, რომ „არავინ მუშაობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან“. „ზოგადად, არის პრობლემა… მაგალითად, ამ 12 რეკომენდაციაზე არავინ ჩასულა პირველ ეტაპზე ბრიუსელში, რომ ყოფილიყო საუბარი იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეიძლება და ა.შ.“.

მანვე სტრასბურგში მის მოახლოებულ ვიზიტზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა: „აპრილში, ჩავდივარ სტრასბურგში და ევროპარალემნტში მექნება გამოსვლა, რაც ამ ბოლო წლებში არ მომხდარა. საჭიროა, იქაც იყოს ჩვენი გზავნილი, სათქმელი მიტანილი ევროპარალამენტარებამდე… მათი ლანძღვა არაფერთან არ მიდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც დღითიდღე ძლიერდება“. ზურაბიშვილმა ასევე დასძინა: „არავინ აღარ დამბლოკავს და ვერ დამბლოკავს, იმიტომ, რომ მე ამ კუთხით ვასრულებ საქართველოს კონსტიტუციას. ყველა ზომა რაც შემიძლია მივიღო, იმისთვის რომ წინ წავიდეთ ამ ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს გავაკეთებ.“, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რითაც, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ წარსულში მისთვის დასავლეთში ვიზიტებზე უარის თქმაზე მიანიშნა.

საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით,წლის ბოლოს, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელისუფლების მიერ 12 პრიორიტეტის შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯებისა და ქართველი ხალხის ერთობლივი დამსახურება იქნება და ამას მთავრობა მხოლოდ საკუთარ მიღწევად ვერ მიიწერს.

სად არის ხელისუფლება?

სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების მხრიდან ბოლოდ დროს დასავლელი პარტნიორების მისამართით კრიტიკა და „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებზე საუბარი საპარლამენტო არჩენებისთვის მზადებას დაუკავშირა. „ეს უფრო არის საარჩევნო და იმის განცდა, რომ კარგავენ მხარდაჭერას თავიანთ ამომრჩევლებში და უფრო და უფრო რთულია და საჭიროა კონსოლოდაცია და კონსოლოდაციას ხედავენ უფრო ადვილად ამ რაღაცა „ხალხის ძალაში“ თუ ვინ არიან, ვიდრე [იმაში] რომ მოიპოვონ ფართო საზოგადოებაში ის მხარდაჭერა, რომელიც მოითხოვს გამგედავ ნაბიჯებს“.

მანვე არც ის გამორიცხა, რომ, შესალოა, ხელისუფლების მხრიდან ეს არის ერთგვარი „სიფრთხილე“ ან „თამაში რუსეთთან, რომ თავის თავს აჯერებენ იმაში, რომ ამით რუსეთი უფრო ლმობიერი იქნება ჩვენ მიმართ“. „თუ ვინმე ასე ფიქრობს, ე.ი. არაფერი სცოდნია საქართველოს ისტორიიდან და რუსეთ-საქართელოს ურთიერთობის შესახებ“.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, სადაც არავინ ამზადებს მეორე ფრონტს, რომ ეს თემა არის საერთო თემა ხელისუფლების, [ინალ] არძინბასი, [სერგეი] ლავროვის, ]მარგარიტა] სიმონიანის… რა მეორე ფრონტი?! [და რაა] ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვიწვევენ რამე ომში?!“, – იკითხა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დასძინა: „პირიქით, ყველა ვინც ვნახე, არავის აქვს სურვილი, რომ კიდევ ზედმეტი სადმე დესტაბილიზაცია იყოს… პირიქით, ყველა ოცნებობს იმაზე, რომ შავი ზღვა, კავკასია [იყოს] დაწყნარებული. არავის აქვს სურვილი რამე ახლის წამოწყების“.

მისივე თქმით, მსგავს არგუმენტებს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთათვის იყენებენ, იმ მომენტებში, როდესაც ისინი რუსეთთან მიმართებით სხვადასხვა საკითხის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. „ამ არგუმენტს ხმარობენ აფხაზებზე…, რომ აი, თქვენ არ გაბედოთ რამის ფიქრი, იმიტომ, რომ გაუფრთხილდით ქართველებს, ექნებათ მიზნები, რომ განაახლონ თქვენზე ძალისმიერი ქმედებები”, – თქვა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართბით ჩვენი და დასავლელი პარტნიორების გაცხადებული პოზიცია აბსოლუტურად საპირისპიროა და ძალის გამოყენებას გამორიცხავს.

ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში და პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა

სალომე ზურაბიშვილმა ქართლ პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლზეც ისაუბრა და თქვა, რომ დასავლელი პარტნიორებისთვის „გაუგებარია“ მისი სტატუსი. „გარეთაც ისმება ეს კითხვა, თუ სად არის მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები… ეს განცდა, რომ სად არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრი და არავინ იცის, სად არის და ეს ახალგაზრდები [მთავრობის წევრები] ვინ არიან, შემსრულებლები, გამხმოვანებლები, თუ ესენიც ღებულობენ რაღაც გადაწყვეტილებებს და [თუ ასეა, მაშინ] რატომ [აკეთებენ] რაღაცა „სკიზოფრენიულ“ განცხადებებს“. „პრემიერი როცა ჩადის ევროპაში იმას ამბობს, რაც მათ უფრო მოსმენა სურთ და აქ რომ გამოდის პარლამენტში სულ სხვა თემებით გამოდის“.

„როდესაც კითხვა არსებობს, ეს არის თავისთავად ცუდი პოლიტიკური სისტემისთვის, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს გამჭვირვალე… საზოგადოებამ უნდა იცოდეს პასუხი, ვინ არის [იმ] რიტორიკაზე პასუხისმგებელი, რომელიც არის დამაზიანებელი და ამას გვეუბნება ყველა“, – განმარტა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ამაში სიცხადე თავად ივანიშვილმა უნდა შეიტანოს. მისივე თქმით, ივანიშვილთან კომუნიკაცია დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონია, თუმცა ამის სურვილი აქვს.

„არ მქონდა მცდელობა, მაგრამ დღეს სურვილი ძალიან მაქვს, იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ იმდენად საჭირო არის, რომ მეტი სიცხადე შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, ამის საშუალება რომ იყოს. [ასევე], ბევრი გზავნილი არის უცხოეთიდან, რაც ალბათ უნდა გაიგოს და მოისმინოს, თუ ის არის მთავარი [გადაწყვეტილების მიმღები]“,- თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე – „არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი?“ – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა – „არის, ალბათ, კი, იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, ამ გაგებით არის“. „მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. პრობლემა არის ამ პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა“, – გაიმეორა მან.

„… სანქციების დაწესებისთვის განცხადებები არაფერს ნიშნავს, ფაქტებია მნიშვნელიოვანი. ამ ვოიაჟის დროს, მე ასეთი ფაქტები არ მომისმენია, არ ვიცი, თუ აქვთ ასეთი ფაქტები სანახავია. არამგონია, საკითხი ასე იდგას. დღეს [ეს] უფრო პოლიტიკური გზავნილებია – მოდით გონს და სხვანაირად შეუდგეთ საკითხებს. ეს ჩემი ინტერპრეტაციაა“, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ კითხვას.

პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მთავრობასთან მის ურთიერთობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ყველა მინისტრთან „ძალიან ნორმალური კომუნიკაცია“ აქვს, გარდა თავად პრემიერისა. „არ შეიძლება ქვეყანაში არ იყოს ინსტიტუტებს შორის გაწონასწორებული, ნორმალური ფუნქციონირება. დემოკრატია არის, ერთის მხრივ, ხალხის, ამომრჩევლის ნება და, მეორე მხრივ, ინსტიტუტების პატივისცემა და ინსტიტუტებს შორის, რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა, რათა ყველაფერი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდეს“. კითხვაზე – „თავად პრემიერს თუ აქვს მასთან კომუნიკაციის სურვილი?“ – სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „[კომუნიკაცია] არ ხდება. ახლა, სურვილი აქვს თუ არა, არ ვიცი“.

ნიკა გვარამიას შეწყალება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალებზე დასმული კითხვის პასუხად, პრეზიდენტმა ამგვარი შესაძლებლობა არ გამორიცხა და თქვა: „მე არ ვაპირებ დღეს, ამ ეთერში, ამ თემაზე გიპასუხოთ. იმიტომ, რომ დაცული უნდა იყოს [პრეზიდენტის] ეს დისკრეციული უფლება და არა იმიტომ, რომ რაღაც დაგიმალოთ“. მან ამავე თემაზე დასავლელი პარტნიორების მოწოდებებსაც უპასუხა და აღნიშნა: „ევროპარლამენტარებს პირდაპირ ვუთხარი, რომ პატარა ქვეყანა რომ ვართ, ეს არ ნიშნავს, რომ ისეთი გზავნილი იყოს ჩემზე პიროვნულად, რომ მოდით, ვიღაცა შეიწყალეთ. ამის უფლება არავის არ აქვს, არცერთი ქვეყნის მიმართ… პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება“.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის საკითხებში მისი მრჩევლები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ ამ მიმართულებით ცნობებს. „მიმაჩნია, რომ ეს ქვეყნის რეპუტაციაა და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი… არ ვეთანხმები მის მიმართ დამამცირებელ მოქმედებებს და იმაშიც ვარ დარწმუნებული, რაღაც გამოსავალი არსებობს, რომელიც შეიძლება მოძებნილი იყოს“.

„მე უცხოეთში ნათქვამი მაქვს, რომ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ძალიან გამიჭირდება [იმის თქმა], რომ აუცილებელია მისი საზღვარგარეთ] გაყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იძახი, რომ რეალურად სახელმწიფო არ გაგვაჩნია, არ გვაქვს არანაირი სამედიცინო, ჯანმრთელობის დამცავი საშუალებები და ეს ყველაფერი არასანდოა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დასძინა: „ამიტომ, [მიმაჩნია, რომ] უფრო ადგილზე უნდა იყოს მონახული რაღაც გამოსავალი“.

ომი უკრაინაში

ჟურნალისტის კითხვაზე – „მზად არის თუ არა, უკრაინაში ჩასასვლელად?“ – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ჩასვლის მზაობა მას არაერთხელ აქვს გაცხადებული. „სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შედგა, მაგრამ ურთიერთობა ნორმალურია. უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან, რა არის ჩემი პოზიცია, მუდუმვად ვარ მთავარი გამხმოვანებელი მათ მიმართ სოლიდარობის და ამისთვის მათგან არაერთი მადლობა მივიღე“.

რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო შედეგებზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „რუსეთმა ეს ომი უკვე წააგო, იმიტომ რომ ამ ხნის მანძილზე ვერ შეასრულა თავის ვერცერთი მიზანი. დაკარგა რეპუტაცია, რომ იყო სამხედრო შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, რომელსაც ვერავინ ვერ დაამარცხებდა. არავინ არ იცის საბოლოო შედეგი რა იქნება, მაგრამ [რუსეთმა] არაერთი ბრძოლა წააგო“.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ როდესაც უკრაინა გადაწყვეტს და „იქნება გლობალური სამშვიდობო სამიტი, იქ საქართველო თავის ადგილი უნდა ჰქონდეს, ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა. ამას სრულიად ვემხრობი“. „როცა იქნება გლობალური სამიტი, აუცილებელია იქ ერთი რამ იყოს მიღწეული – რუსეთი ყველა იმ ტერიტორიებიდან გავიდეს, რომელიც ოკუპირებული აქვს და მის საზღვრებშის არ არის“.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სასურველი შედეგები

„კოალიციური მთავრობა, დაწყნარებული, დეპოლარიზებული პოლიტიკური სივრცე, სადაც შეიძლება ცოტა თავი შევიკავოთ ამ სიძულვილის ენისგან და ცხადია, ქვეყანა რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიღებული ექნება და შემდგარი იქნება შემდეგი ეტაპისთვის – [ევროკავშირში] გაწევრიენებისთვის“, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სასურველი შედეგის შესახებ დასმულ კითხვას და დასძინა, რომ არჩევნების შემდეგ იგი არსად წასვლას გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button