skip to content
ახალი ამბები

60-ზე მეტი მედიასაშუალება ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტს

60-ზე მეტი მედიასაშუალება 27 თებერვალს გავრცელებული ერთობლივი განცხადებით ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ მისი მიზანია „აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე“.

„ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები – დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ“, – აცხადებენ ისინი.

ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღება აგრეთვე აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამაც „მკაფიოდ მიუთითა“. „შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს“, – განმარტავენ ისინი.

ხაზს უსვამენ რა, რომ ისინი საზოგადოებას ემსახურებიან და ჩვენი ქვეყნის მომავალი აღელვებთ, მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ „ამ იარლიყით მუშაობას“. „შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სხვებთან ერთად, ხელმომწერ მედიასაშუალებებს შორის ასევე არიან: „სამოქალაქო საქართველო“/Civil.ge”; „ნეტგაზეთი“; „პუბლიკა“; „ინდიგო“; „სტუდია მონიტორი“; „ტაბულა“; „on.ge“; „ჯემნიუსი“; მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“; „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ და სხვ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button