ახალი ამბები

„საქართველოსთვის“ დეპუტატებმა „რუსეთის გავლენებისგან“ დაცვაზე კანონპროექტი წარადგინეს

მმართველი უმრავლესობის მიერ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის ორი კანონპროექტის ინიცირების პარალელურად, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა პირველ მარტს „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინეს.

კანონპროექტის თანახმად, ოკუპანტი ქვეყნის ძალა არის: რუსეთის ხელისუფლება ან პოლიტიკური პარტია; რუსეთის ტერიტორიაზე, ან მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირი, რომელიც მოქმედებს რუსეთის ღია ან/და დაფარული ინტერესების შესაბამისად; იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანება, რომელიც შექმნილია რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად ან რომელიც თავის ძირითად საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს; სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად; სახელმწიფო, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის შესახებ რეზოლუციას გაეროსა და ეუთოში.

ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი არის: უშუალოდ ოკუპანტი ქვეყნის ძალის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან უმეტესწილად ოკუპანტი ქვეყნის ძალის მიერ კონტროლირებადი ან დაფინანსებული პირის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად მოქმედი ნებისმიერი პირი, რომელიც უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით: ჩართულია ან ზემოქმედებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში; მოქმედებს როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი; აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტებს, სესხად ან სხვა საკრედიტო ვალდებულებად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას; წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დროს.

კანონპროქტით ოკუპანტი ქვეყნის აგენტობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

კანონპროექტის წარდგენისას, „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა თქვა, რომ ოკუპანტი არის რუსეთი, „რომელიც იყენებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო პროპაგანდას და ღია თუ ფარული საშუალებებით აზიანებს ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების გზას“.

დეპუტატის განცხადებით, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონის მიღებით ხელისუფლება „ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის, რაც არის ეროვნული, კონსტიტუციური მიზნის შეცვლა, საგარეო ორიენტაციის არევა, რისი უფლებაც არცერთ ხელისუფლებას არ აქვს და არ ექნება“.

მისივე თქმით, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება ცდილობდეს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მიზნების ხელშეწყობას, „მოქმედებს ამის საპირისპიროდ [და] „აგენტების კანონის“ სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ სახელმწიფოს, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს“.

„ჩვენი კანონპროექტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს. მისი მიზანი კი – არის ერთადერთი სწორი მიზანი, რომელიც შეიძლება მსგავს კანონმდებლობას ამ ქვეყანაში გააჩნდეს – მტერს დაარქვას მტერი“, – ხაზი გაუსვა ბექა ლილუაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი უმრავლესობის დეპუტატებს ეყოფათ „გამბედაობა მტერი დაუძახონ რუსეთს და არა ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს და ამ ინიციატივას დაუჭირონ მხარი“.

„საქართველოსთვის“ დეპუტატებს საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირება ბიუროს 2 მარტის სხდომაზე სურდათ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის ორშაბათისთვის გადადო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button