
ჯუანშერ ბურჭულაძე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა ემზარ გაგნიძემ დაპატიმრების შესახებ 11 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ ბურჭულაძემ და მისმა სამმა თანამოაზრემ, კერძოდ მისმა მაშინდელმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ, ასევე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა და ბურჭალაძის ნათესავმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში „მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი“.
ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in: English