ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ოპოზიცია და არასამთავრობოები გააკრიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 8 თებერვალს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, საკანონმდებლო ორგანოს მთავარ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მანვე არასამთავრობოები სახალხო დამცველის არჩევის პროცესში საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებზე გავლენის მოხდენის მცდელობებში დაადანაშაულა. პაპუაშვილმა პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტისა გამო ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც გააკრიტიკა.

წლიური ანგარიში

მიღწევები

პარლამენტის სპიკერის ანგარიშის თანახმად, 2022 წელი აქტიური საპარლამენტო ცხოვრებით გამოირჩეოდა და პარლამენტმა 298 კანონი მიიღო. ამასთან, საკანონმდებლო ორგანო „აქტიურად“ უწევდა ზედამხედველობას მინისტრებისა და სხვა საჯარო პირების საქმიანობას. კერძოდ, გასულ წელს პარლამენტში საქართველოს პრემიერმინისტრს 3-ჯერ, მინისტრებს 17-ჯერ და სხვა ანგარიშვალდებულ ოფიციალურ პირებს 20-ჯერ მოუსმინეს, „დაიწყო 12 საკომიტეტო მოკვლევა, სახელმწიფო ინსტიტუტებს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე გაეგზავნათ ათასობით შეკითხვა“.

ანგარიშის მიხედვით, პარლამენტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. „საქართველოს აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებთან მჭიდრო კოორდინაციით პარლამენტის აპარატმა და შესაბამისმა კომიტეტებმა დადგენილ, მოკლე ვადებში შეძლეს პარლამენტის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების შემუშავება და კითხვარის ევროკომისიისთვის დაბრუნება“.

ამავე კონტექსტში, ანგარიშში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში პარლამენტის როლიც არის აღნიშნული და ნათქვამია, რომ მათ შესასრულებლად „პარლამენტმა 60-მდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა და 82 კანონი მიიღო“.

დოკუმენტში საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით გასულ წელს პარლამენტის მიერ მიღწეულ პროგრესზეც არის ყურადღება გამახვილებული და აღნიშნულია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, მუდმივმოქმედმა საპარლამენტო დელეგაციებმა, პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებმა 66 საგარეო ვიზიტი განახორციელეს და პარლამენტმა 33 დელეგაცია მიიღო.

გამოწვევები

გასული წლის მთავარ გამოწვევებზე საუბრისას, ანგარიში ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის) არჩევის საკითხის გადაწყვეტას ასახელებს და აღნიშნავს, რომ საკითხი „კვლავ ღია რჩება გარკვეული პოლიტიკური პარტიების რადიკალური დღის წესრიგის გამო, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის საპარლამენტო საქმიანობას“.

„რადიკალიზაცია გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს და ხელს უშლის პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციულ დიალოგს“, – ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიშში პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმის აუცილებლობაზე არის ყურადღება გამახვილებული, რომელიც „ხანგრძლივ, კომპლექსურ და ყოვლისმომცველ მუშაობას მოითხოვს“.

სხვა საკითხები

ანგარიშის წარდგენის პარალელურად, შალვა პაპუაშვილმა სხვადასხვა საკითხზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის იყო დეპოლარიზაცია, ახალი ომბუდსმენის არჩევა, მედიის წარმომადგენლებისთვის პარლამენტში ამოქმედებული ახალი წესები და სხვ.

დეპოლარიზაციაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკური კონკურენციის ახალი ფორმაა და „პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა“. მანვე აღნიშნა, რომ „ქართული პოლიტიკის პრობლემას არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია წარმოადგენს“. ამ კონტექსტში მან ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამო გააკრიტიკა.

„დღესაც ვხედავთ ცარიელ სკამებს და ყველა პირად საუბრებში აღნიშნავს თუ რამდენად არარაციონალურია, არალოგიკური, კონფრონტაციული არის ეს ნაბიჯი, დაარქვით ამას თავის სახელი და სახელის დარქმევასთან ერთად გაემიჯნეთ ამას, გამიჯვნასთან ერთად ნუ გახდით ამას სალონურად“, – მიმართ მან საპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს.

შალვა პაპუაშვილმა მწუხარება გამოხატა იმის გამო, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევის პირველი მცდელობა „უშედეგო აღმოჩნდა“, რადგანაც „პარტიები ვერ შეთანხმდნენ კანდიდატზე, რომელიც კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერის მიღებას შეძლებდა“. ამ კონტექსტში, მან არასამთავრობო სექტორი უარყოფითი როლის შესრულებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პარლამენტი მათი „რადიკალური დღის წესრიგის მძევალი აღმოჩნდა“.

„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ჯგუფმა დახურულ კარს მიღმა როგორ შეარჩია საკუთარი წრიდან რამდენიმე კანდიდატი და ულტიმატუმის სახით ფაქტობრივად წამოუყენა პარლამენტს“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ „ამ ულტიმატუმის პირობებში მოუწია საქართველოს რამდენიმე თვიანი პროცესის გავლა, რომელიც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ფუჭი, რადგან სადაც დაიწყო ულტიმატუმი იქ დამთავრდა“.

აღნიშნა რა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საპარლამენტო უმრავლესობა, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „თუ კი ვინმეს უნდა მოსწონდეს სახალხო დამცველის კანდიდატურა ეს არის „ქართული ოცნება“. „დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო პარტიების მხრიდან საკუთარი ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლობის სრულად გააზრების პირობებში სახალხო დამცველის კანდიდატზე შეთანხმება შესაძლებელია“.

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის მიერ ჟურნალისტებისთვის ქცევის ახალი წესების შემუშავებაზე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ცოტა ირონიის მომგვრელია“, როცა „ქარტია მოუწოდებს პარლამენტს ეთიკური სტანდარტები არ დააწესოს და გააუქმოს“. „არადა პირად საუბრებში… ყველა აღიარებს რომ ეთიკური ჟურნალისტიკა ხშირად არის გარკვეული ზიანის ქვეშ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „გარდა ამ სტანდარტების გაძლიერებისა, ეს აკრედიტაცია არაფერს არ გამოიწვევს“.

დეპუტატების შეფასება

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა გააკრიტიკეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიასა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ანგარიშვალდებული ორგანოები და თანამდებობის პირები დეპუტატების კითხვებს ან საერთოდ არ პასუხობენ ან დაგვიანებით.

მანვე პარლამენტის სპიკერს ჰკითხა, თუ „რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება რომ სახელისუფლებო წარმომადგენლები მხოლოდ მათ მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებში მიდიან და არ სხდებიან ოპოზიციასთან დებატებში? რომელ ქვეყანაში ხდება რომ ორგანიზებული ძალადობა რომელიც 5-6 ივლისს ვიხილეთ, დღემდე ამის ორგანიზატორები არ არიან დასჯილები?“.

ლელოს დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის შედგენისას, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან კონსულტაცია უნდა გაიმართოს და მათი სათქმელიც გაახმოვანოს.

ოპოზიციის მისამართით სიტყვა რადიკალურის გამოყენებისთვის გააკრიტიკა შალვა პაპუაშვილი დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ და ხაზი გაუსვა, რომ იგი თავს რადიკალად არ მიიჩნევს. „ვერ მივაღწიე სამინისტროებიდან სადეპუტატო კითხვებზე დროულად პასუხის მიღებას, გთხოვთ ქმედითი მექანიზმი შევიმუშაოთ“, – უთხრა მან პარლამენტის სპიკერს.

რესპუბლიკელების დეპუტატი, ხათუნა სამნიძე კი – შალვა პაპუაშვილისგან იმით დაინტერესდა, თუ სად ხედავს იგი ხელისუფლების პასუხისმგებლობას და ზოგადად რესურსს პოლარიზაციის დაძლევის მიმართულებით.

თავის მხრივ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ გასულ წელს, „უსაფრთხოების სფეროში არ დარჩენილა პრაქტიკულად არცერთი საკითხი, რაზეც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, ასევე სხვა კომიტეტს, არ ჰქონოდა რეაგირება“. „იმ უწყებებს, რომლებიც ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ არიან, არასოდეს აურიდებიათ თავი საზედამხედველო მექანიზმებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ და დასძინა, რომ „2022 წელს საქართველოს პარლამენტის აქტიურობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით იყო უპრეცედენტო“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ კი – აღნიშნა, რომ „რეალური მოცემულობით, ფაქტებით და მონაცემებით საქართველოს აქვს ბევრად უფრო ძლიერი, წარმომადგენლობითი პარლამენტი“. მანვე კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, „მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და ტრიბუნა იმისთვის, რისთვისაც საზოგადოებამ აგირჩიათ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button