skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია

საქართველოს პარლამენტმა 22 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე და 2 წევრი ვერ აირჩია.

ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატიდან ერთ-ერთს – თამარ ალფაიძეს მხარი არცერთმა დეპუტატმა დაუჭირა, მეორემ – რევაზ ეგაძემ კი – მხოლოდ 1 დეპუტატის ხმა მიიღო.

დეპუტატებისგან ნულოვანი მხარდაჭერა მიიღეს ცესკოს წევრობის 2 ვაკანტურ პოზიციაზე წარდგენილმა 4 კანდიდატმაც – გიორგი ისაკაძემ, გიორგი მარსაგიშვილმა, ქრისტინე ქაჯაიამ და ნათია წიპტაურმაც.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების 5-წლიანი ვადით ასარჩევად დეპუტატების სრული შემადგენლობის 2/3 – 100 ხმა იყო საჭირო. იმ შემთხვევაში კი – თუკი ისინი 76 დეპუტატის ხმას მიიღებდნენ თანამდებობას მხოლოდ 6 თვის ვადით დაიკავებდნენ.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად,

ცესკოს თავმჯდომარეს ცესკოს წევრის არჩევის წესის მსგავსად ირჩევენ, რომელიც ასევე ამავე რეგლამენტით არის დადგენილი. კერძოდ, თუკი კენჭისყრის შედეგად ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, პრეზიდენტმა პარლამენტს 3 დღის ვადაში კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკოს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე 2-ჯერ მეტ კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ხელახალი კონკურსი ცხადდება.


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის შესარჩევად კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. ცესკოს თავმჯდომარეობის სურვილი ჯამში 5-მა, წევრობის კი – 10-მა კანდიდატმა გამოხატა.

საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს თავმჯდომარის პოსტზე 5-დან 3-ის კანდიდატურა წარუდგინა, მათ შორის იყო ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც კონკურში უკვე მესამედ მონაწილეობდა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა მისი კანდიდატურა აღარ აარჩია და პარლამენტს 5 აგვისტოს მხოლოდ ალფაიძისა და ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

რაც შეეხება, ცესკოს წევრობის კანდიდატებს, საკონკურსო კომისიამ 10-დან 4 შეარჩია, რომელთაგანაც პრეზიდენტმა ქრისტინე ქაჯაია და ლევან ისაკაძე მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილისთვის შეარჩია, მეორისთვის კი ხელახალი კონკურსი გამოაცხადა. ხელახალი კონკურსის შედეგად პრეზიდენტმა ნათია წიპტაურისა და გიორგი მარსაგიშვილის კანდიდატურები შეარჩია და ისინი პარლამენტს 26 აგვისტოს წარუდგინა.

მაშინ, პრეზიდენტის გადაწყვეტილების პასუხად, გიორგი კალანდარიშვილმა თქვა, რომ მისთვის „გარკვეულწილად მოულოდნელი იყო [პრეზიდენტის] ეს გადაწყვეტილება“. „ჩემთვის უცნობია იმ გარემოებების და მოტივების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ორჯერ უკვე ვიყავი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი“, – დასძინა მან.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის პოსტებზე მოქმედი თავჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისა და ასევე მოქმედი ორი წევრის კანდიდატურები მესამედ იმიტომ აღარ წარუდგინა, რომ მათ წინა ორ ჯერზე ხმების უმრავლესობა (2/3) ვერ მოიპოვეს და დეპუტატებმა ისინი ორივეჯერ 5 წლის ნაცვლად მხოლოდ 6 თვის ვადით აირჩეს.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button