skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრობის 5 კანდიდატს უცხადებენ მხარდაჭერას

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-ზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 10 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრობის კონკურსში მონაწილე 32 კანდიდატიდან მხარდაჭერა 5-ს გამოუცხადა.

კოალიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის შემდეგ 5 კანდიდატს უჭერს მხარს:

  • ლიკა საჯაია – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი. წარმდგენი: ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი;
  • ანა აბაშიძე – ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი. წარმდგენი: ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის;
  • დიმიტრი ხაჩიძე – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. წარმდგენი: ა(ა)იპ უფლებები საქართველო;
  • სულხან სალაძე – კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი (ღია სივრცე კავკასია); საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი. წარმდგენი: ა(ა)იპ სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. წარმდგენი: ა(ა)იპ სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ხაზს უსვამენ რა სასამართლო ხელისუფლების ფუნდამენტური რეფორმის საჭიროებას, არასამთავროები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები სასამართლოს სისტემის მართვის „კონსენსუსზე ორიენტირებული“ რეფორმისკენ უნდა იყოს მიმართული და „მყარ დაბრკოლებებს უნდა უქმნიდეს ძალაუფლების კონცენტრირებას, რომლის მანკიერი პრაქტიკა დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს“.

მათი რწმენით, საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევა ამ მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი შეიძლება იყო. ამიტომ ისინი თანამდებობაზე მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კანდიდატების არჩევის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას, „რომელთა მიმართაც იქნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და პოლიტიკურ პარტიებს შორისაც ფართო კონსესუსი იარსებებს“.

„ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, გააჩენს ახალი მიზიდულობის ცენტრს დამოუკიდებელი 5 წევრის სახით და კლანს მხოლოდ ერთხმიან არამყარ უპირატესობას დაუტოვებს“, – აცხადებენ უფლებადამცველები.


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ადგილი კარგა ხანია ვაკანტურია, რაც არაერთხელ გამხდარა ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობოებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საგანი. ვაკანტური ადგილების შესავსებად პარლამენტმა კონკურსი 30 სექტემბერს გამოაცხადა, 20 ოქტომბერს კი – არამოსამართლე წევრობის მსურველთა სია გამოაქვეყნა. კონკურსში სულ 32 კანდიდატი იღებს მონაწილეობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button