ახალი ამბები

არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესს აფასებენ

სასამართლო სისტემის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოთა გაერთიანება – „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ სასამართლო სისტემაში გატარებულ რეფორმებს „დემოკრატიული გარდაქმნისა და გაჯანსაღების არასრულფასოვან მცდელობად“ აფასებს და ამ კონტექსტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის საჭიროებაზე საუბრობს. ამ მიმართულებით კოალიცია საბჭოს დამოუკიდებელი წევრების არჩევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

27 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში კოალიცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს 5 არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ივნისში ამოეწურა, მათი ადგილები დღემდე ვაკანტურია. არასამთავროები პარლამენტის მიერ 2022 წლის სექტემბერში არამოსამართლე წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებასა და შესაბამისი კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ პროცესის საჯაროობის მიუხედავად დღეში რამდენიმე კანდიდატთან გასაუბრება ვერ ქმნიდა პროცესის ხარისხიანად წარმართვის შესაძლებლობას.

„კანონის უზენაესობაზე დამყარებული დემოკრატია საჯაროობისა და გამჭვირვალობის მხოლოდ ფორმალურ კონცეფციას არ გულისხმობს, სადაც პროცედურების მიმართ ერთგულება საკმარისია. ის საგნობრივ, შინაარსობრივ მსჯელობას და უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის აზრთა გაცვლას, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად ფართო კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს“, – აცხადებენ კოალიციაში.

არასამთავრობოების თქმით, საყურადღებო იყო პარლამენტის წევრების მიერ დასმული კითხვების შინაარსი და კანდიდატთა მიმართ თანასწორ მიდგომებიც. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს გარკვეულ კანდიდატებთან პოლიტიკური შინაარსის შეკითხვებიც ჰქონდათ, მათ შორის, სოციალურ ქსელებში საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმასთან დაკავშირებითაც.

ამასთან, მათივე განცხადებით, კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესში სათანადო მონაწილეობა არც ოპოზიციურ პარტიებს მიუღიათ. „ამ პროცესში აქტიური მონაწილეობით შესაძლებელი იყო, ერთი მხრივ, კანდიდატებისთვის კრიტიკული კითხვების დასმა და მათი ხედვების/კვალიფიკაციის შეფასება, მეორე მხრივ კი – სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საგნობრივი მსჯელობა“.

პროცესში წარმოჩენილი „ხარვეზების მიუხედავად“ კოალიცია მიიჩნევს, რომ პარლამენტს ჯერაც აქვს შესაძლებლობა, ეს საკითხი „მრავალპარტიული კონსენსუსით და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტოს“.

ამდენად, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • შეარჩიოს დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი, კომპეტენტური და პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატები, რომელთა მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა არსებობს;
  • იუსტიციის უმაღლესო საბჭოს 5 წევრის არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს საპარლამენტო ოპოზიციასთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე;
  • სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე შეიმუშავოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მთლიანად სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც ფოკუსირებული იქნება პოლიტიკური და შიდა კორპორატიული გავლენებისგან თავისუფალი სასამართლოს შექმნაზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button