skip to content
ახალი ამბები

პარლამენტი მედიას საკანონმდებლო ორგანოში ქცევის წესებს უსაზღვრავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 6 თებერვალს გამართულ ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციისა და ქცევის წესები შეიმუშავეს. შესაბამის ბრძანებას პაპუაშვილი დღეს გამოსცემს.

პაპუაშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს, როგორც პარლამენტის, ისე მისი სტუმრებისთვის საქმიანი გარემო, ახალი წესების თანახმად, ჟურნალისტმა:

  • ხელი არ უნდა შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას;
  • წინასწარი ნებართვის გარეშე არ უნდა გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი;
  • პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოს ინტერვიუ;
  • პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ უნდა გადაიღოს მისი დოკუმენტების, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
  • არ უნდა დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციური მიმართვა ან მოქმედება;
  • უნდა დაემორჩილოს დაცვის და მანდატურის მითითებებს;
  • აკრედიტაცია უნდა ატაროს გამოსაჩენად და არ უნდა გადასცეს სხვა პირს.

შალვა პაპუაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჟურნალისტებს გადაადგილებაზე შეზღუდვა არ ექნებათ და კომენტარებისთვის არც კონკრეტული ადგილი გამოიყოფა და პარლამენტის კორპუსები „ღია იქნება, როგორც აქამდე იყო“.

რაც შეეხება აკრედიტაციას, მას იმ მედიის ჟურნალისტები მიიღებენ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ და აკრედიტაციების რაოდენობა მედიის ტიპზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ: საზოგადოებრივ და ეროვნულ მაუწყებლებს პარლამენტში 7-7 გადამღები ჯგუფის აკრედიტების შესაძლებლობა ექნებათ, სხვა ტელევიზიებს კი – 3-3 ჯგუფის. ონლაინგამოცემები პარლამენტში 4-4 წარმომადგენლის აკრედიტებას შეძლებენ, რადიო, გაზეთები და ჟურნალები კი – 2-2.

ამასთან, იმ შემთხვევებისთვის, როდესაც კონკრეტულ ჟურნალისტს ან მედიას, მათ შორის, უცხოურს, რომელიც აკრედიტებული არ არის და ცალკეული სიუჟეტის მომზადების ფარგლებში პარლამენტში ვიზიტი სჭირდება, 1-დღიან აკრედიტაციას მისცემენ.
საპარლამენტო აკრედიტაციებისთვის მედიებმა პარლამენტს 20 თებერვლიდან უნდა მიმართონ. ჟურნალისტები პარლამენტში ახალ სამუშაო წესებზე უკვე 1 მარტიდან გადავლენ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება

პარლამენტის ახალ გადაწყვეტილებას „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუღებელია დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების გარეშე აკრედიტაციის წესის დამტკიცება და მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე ძალაში შესვლა.

ქარტიის განცხადებით, ახალი წესით ცალკეულ შემთხვევებში, პარლამენტში გასამართი „ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმიდან“ გამომდინარე, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით აკრედიტებულ ჟურნალისტებს, შესაძლოა, პარლამენტში შესვლა, გადაადგილება და ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგება შეუზღუდონ. თუმცა, ის ფაქტი, რომ ბრძანებაში არ არის მითითებული, რა შემთხვევაშია ღონისძიება „სპეციფიკური“ ან როგორ განისაზღვრება უსაფრთხოების რეჟიმი“, „ქმნის საფრთხეს, რომ მედიის შეზღუდვის მიზნით, პარლამენტის აპარატმა ჩანაწერი შეიძლება განმარტოს თავისი შეხედულებისამებრ“.

„ამ და სხვა წესების დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტს შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია ერთი თვით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში – 6 თვით“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები მედიასაშუალებებს ინტერვიუს შერჩევითად აძლევენ, მსგავსი რეგულაციებით შეუძლებელი გახდება ინფორმაციის მოპოვება და საზოგადოებისთვის მიწოდება.

ამდენად, ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, „არ დაუშვას, რომ საფრთხე შეექმნას დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა და ღიაობა და გააუქმოს მიღებული ბრძანება, რომელიც გამოიწვევს ფორმალურ დაბრკოლებებს და საქმიანობის შეზღუდვას მედიისთვის“.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 7 თებერვალს, 12:55 სთ-ზე, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადების შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button