skip to content
ახალი ამბები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 26 ივლისს გამოქვეყნებულ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი წლის საქმიანობის ანგარიშში ნათქვამია, ქვეყნისთვის კრიზისულ მომენტებში საკანონმდებლო ორგანო საპარლამენტო კონტროლს ეფექტიანად ვერ ახორციელებდა. ამასთან, მეტწილად ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვნად არ იყო ჩართული.

ანგარიშში, რომელიც 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ პარლამენტმა არც მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, მათ შორის, არც პარლამენტში ძალაუფლების განაწილების შესახებ ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებით აღებული ვალდებულება შეასრულა. აღნიშნული დოკუმენტში „ძირითად გამოწვევად“ არის შეფასებული.

ქვემოთ მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შესახებ ორგანიზაციის დამატებითი მიგნებებია წარმოდგენილი:

დეპუტატთა აქტიურობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება 150-დან 53-მა დეპუტატმა არ გამოიყენა, სიტყვით კი – 21 დეპუტატი საერთოდ არ გამოსულა. მათგან 10 უმრავლესობის წარმომადგენელია, 11 კი – ოპოზიციის. ამასთან, ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტები იყო, ხოლო პასიური – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი.

ორგანიზაციის ცნობით, საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე ჯამში 766 860 ლარი დაიხარჯა. ამასთან, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე 59 დეპუტატს ხელფასიდან ჯამში 1 105 617 ლარი დაუკავეს.

მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება

ანგარიშში უარყოფითად არის შეფასებული შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები: ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის შეცვლა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია; საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები; პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება.

ორგანიზაცია პროგრესულად აფასებს შემდეგ ცვლილებებს: დეპუტატთათვის იმუნიტეტის შეზღუდვისათვის აუცილებელ ხმათა რაოდენობის გაზრდა; 2 წევრისგან შექმნილი პოლიტიკური ჯგუფისათვის ფრაქციის უფლებების მინიჭება, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა; საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისათვის დეკლარაციის შევსების ვალდებულების დაკისრება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ დახვეწა სჭირდება კანონს, რომელიც მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაზრდას ეხება, ასევე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ზოგიერთ საკითხს.

საკანონმდებლო პროცესი

ანგარიშში კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის პრაქტიკასა და კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელების სისტემურ პრაქტიკაზეც არის ყურაღება გამახვილებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით 95 კანონის პროექტი მიიღო. ამასთან, „46 საკანონმდებლო პაკეტთან (242 კანონის პროექტი) დაკავშირებით, ვადა 94-ჯერ გაგრძელდა; განხილვის ვადა ყველაზე მეტჯერ (5-ჯერ) გაუგრძელდა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და აღსრულების კოდექსს“.

ორგანიზაციის თქმით, პრობლემური იყო ასევე მიღებული კანონების დროულად ამოქმედებაც. ჯამში, ამოქმედების დრო 22 კანონის პროექტზე გადაწიეს. მათ შორის იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ცალკეული ნორმების ამოქმედება 5-ჯერ გადაავადეს.

გარდა ამისა, პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენილი 122 საკანონმდებლო წინადადებიდან კომიტეტებმა ისეთებიც მოიწონეს, რომლებიც „ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელისშემშლელია და რომელთა ავტორებიც ლიბერალი ჯგუფების მიმართ რადიკალური რიტორიკით გამოირჩევიან“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვის პროცესში ჩართულნი არ იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები და ექსპერტები. ამასთან, არგუმენტაციისა და განხილვის გარეშე შეჩერდა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ ცვლილებათა პაკეტი, ასევე „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ” და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები.

საპარლამენტოო კონტროლი, ანგარიშვალდებულება და ღიაობა

ორგანიზაციის თქმით, მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას. მაგალითად, პასუხი არ გასცეს დეპუტატების მიერ დასმულ 256 კითხვას. ამასთან, 12 შემთხვევაში არც კომიტეტებზე ოპოზიციური ფრაქციების მიერ დაბარებული ანგარიშვალდებული პირები მისულან. ამასთან, პარლამენტში შესული 21 ანგარიშიდან 10 ჯერ კიდევ განუხილველი იყო.

„უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი კვლავ სუსტი და არაეფექტური იყო; ვერ მოხდა ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება, რის შედეგადაც ოპოზიცია არ მონაწილეობდა ნდობის ჯგუფის საქმიანობაში“, – ნათქვამია დოკუმენტში და ხაზგასმულია, რომ დღემდე არც ეთიკის საბჭოს შემადგენლობაა ჩამოყალიბებული.

ანგარიში მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის პარლამენტის შენობაში შესვლაზე წარმოქმნილ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას .

რეკომენდაციების სახით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს პარტიებს შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და საპარლამენტო პროცესებში ოპოზიციის სრულფასოვანი ჩართულობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

  • ანგარიში დეტალურად იხილეთ ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button