skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი მის მიმართ მუქარის, შანტაჟისა და ზეწოლის მცდელობებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 დეკემბერს, ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ბრიფინგი გამართა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საწინააღმდეგო აქციის საპასუხოდ, რომლის მონაწილეებიც მისი ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ, და ბოლო დღეებში მის მიმართ მუქარის, ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობებზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას თან ახლდა ბოლო დღეებში გავრცელებული სხვადასხვა ტიპის მიზანმიმართული გზავნილები, „იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს“.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც დღეს მას „სხვადასხვა ფორმით“ ემუქრებიან, მაშინ, როდესაც „ჩვენ ერთად ვებრძოდით დანაშაულებრივ და უსამართლო მიშა სააკაშვილის რეჟიმს“, არსად იყვნენ და ახლა, მორალს უკითხავენ და ასწავლიან, „როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია“.

„მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ“, – იკითხა პრეზიდენტმა და რიტორიკულ კითხვა თავადვე უპასუხა – „ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობაზე“.

მუქარაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ნათქვამზეც მიანიშნა, როდესაც მან აღნიშნა, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილის მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს მისთვის და კარიერისთვის „ძალიან მძიმე“ იქნება. „ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ ისიც იცის, რომ კარიერა იქ [საფრანგეთში] დავტოვე. მე ეს ქვეყანა მაინტერესებს, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“.

„ვინ შეიწყალა [ლევან] მურუსიძე და [მიხეილ] ჩინჩალაძე? მე? როდის? მიპასუხეთ. მემგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ და საიდანაც ისინი ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს? რატომ არ კითხულობთ ამას, სანამ ჩემთან მოვარდება აქცია“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მანვე „ქართული ოცნება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთობლივ თამაშშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს ორი ძალა შეთანხმებულად მოქმედებს. ამის მაგალითად მან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მოიყვანა და თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოყვანა ორივე ძალას ხელს თანაბრად აძლევდა, ვინაიდან „უკვე ერთი წელია…, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული ამ მიშას ირგვლივ, კამათში, დავაში, ბრძოლაში“.

„სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია. ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე მხარეს აწყობს. ერთ მხარეს, ალბათ, იმიტომ რომ სხვა გეგმებს ვერ ხედავენ და მეორეს, ამით კითხვაზე პასუხი არ აქვთ გასაცემი, კითხვაზე რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს ხელისუფლებას“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ „რატომღაც ყველა ებრძვის“ ევროპულ მომავალს და „ვერ ხედავენ, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა“. „ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს, ყველას მიუხედავად. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ. ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობა იყოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„მიუღებელია [პრეზიდენტის] ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალსა და პრეზიდენტზე, ის რაც დღეს ხდება, ზეწოლა და ბულინგი“, – თქვა სიტყვის დასასრულს სალომე ზურაბიშვილმა და იქვე არასაკმარისი თანადგომისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებიც გააკრიტიკა.

ბრიფინგის დასასრულს, ჟურნალისტის მიერ ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად სალომე ზურაბიშვილმა თქვა – „მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button