skip to content
ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებისთვის სააკაშვილის მოსანახულებლად ნებართვების გაცემა შეაჩერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დეპუტატებს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში *სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებას აღარ მისცემს. 2 იანვრის ჩათვლით გაცემული ნებართვები ძალაში რჩება.

საქართველოს პარლამენტის 30 დეკემბრის განცხადებით, შალვა პაპუაშვილმა გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების, გამკაცრების შესახებ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის 27 დეკემბრის მიმართვის საფუძველზე მიიღო.

აღნიშნულია რა, რომ კანონმდებლობის თანახმად, *პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატს პენიტენციურ დაწესებულებაში ერთჯერადად შესვლის უფლებას აძლევს, პარლამენტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გასული წლის 2021 წლის 3 ოქტომბრიდან გაცემული 228 ამგვარი ნებართვა აჩვენებს, რომ მიმართვები პატიმრის პირობების გაცნობის მიზანს „დიდი ხანია გასცდა“ და მასთან პირადი თუ საქმიანი ხასიათის შეხვედრისთვის გამოიყენება.

პარლამენტის განცხადებითვე, მიხეილ სააკაშვილთან 533-ჯერ იმყოფებოდნენ მისი ადვოკატებიც, სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა კი – იგი უკვე 57-ჯერ მოინახულეს. „შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასჯელის მოხდის პირობებზე ეფექტიანი მონიტორინგი სრულად უზრუნველყოფილია“.

„ამას ჰქვია რეპრესიები, ამას ჰქვია სამართლებრივი ნორმების ყოველგვარი დარღვევა“, – ასე გამოეხმაურა დღეს სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას და დასძინა, რომ ამ ყველაფრის მიზანი ყოფილი პრეზიდენტის იზოლაციაში მოქცევა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებაა.

„ჩვენ მიერ ეს ყველაფერი ფიქსირდება და გაეგზავნება მთელ მსოფლიოს, ცივილიზებულ სამყაროს, რა მდგომარეობაში არის ეს ადამიანი“, – უთხრა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ იზოლაციაში მოქცევის მცდელობად შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემაც სააკაშვილისთვის მნახველების შეზღუდვისა და სასამართლოს გადავადების შესახებ გადაწყვეტილებები. „[ამით] მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ გაუარესდება“, – დასძინა მან.

*საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვით შესვლის წესს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

*პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრს მისი, კომიტეტის ან დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button