ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალის „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს“ იბრაგიმ გასეევი უხელმძღვანელებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ალან გაგლოევმა 22 ნოემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას რეგიონის ყოფილი „თავდაცვის მინისტრის“, იბრაგიმ გასეევის „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს“ ხელმძღვანელად დანიშვნის თაობაზე. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაცია სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

გასეევი „თავდაცვის მინისტრად“ ცხინვალის ყოფილი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის დროს მსახურობდა. იგი თანამდებობიდან 2022 წლის თებერვალში გაათავისუფლეს. ბიბილოვს არ მოსწონდა გასეევის გეგმები მოახლოებულ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის შესახებ.

იბრაგიმ გასეევი, რომელიც იმ დროს ბიბილოვის მთავარ კონკურენტებად მოაიაზრებოდა – იმ 12 კანდიდატს შორის იყო, რომელთაც ცხინვალის „საარჩევნო კომისიამ“ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა. გასეევმა და კიდევ ხუთმა კანდიდატმა ამ გადაწყვეტილების „სასამართლოში“ გასაჩივრება სცადეს, თუმცა „სასამართლომ“ მათი სარჩელები არ დააკმაყოფილა.

„სასამართლოს“ გადაწყვეტილების შემდეგ, გასეევმა და დანარჩენმა კანდიდატებმა, რომელთაც მსგავსი სარჩელები შეიტანეს, ბიბილოვის წინააღმდეგ ძალისხმევა გააგრძელეს და ბიბილოვის წინააღმდეგ სარჩელის შესატანად დოკუმენტების გამოქვეყნება მოითხოვეს. მათი მტკიცებით, ცხინვალის ყოფილმა ლიდერმა ოსური ენის ტესტი ვერ ჩააბარა.

„ჩემი მთავარი მიზანი არ არის საარჩევნო მანათონში დაბრუნება, არამედ მასში ანატოლი ბიბილოვის მონაწილეობის არდაშვება. სანამ ის პრეზიდენტობის კანდიდატად რჩება, ის უბრალოდ არ მოგვცემს საშუალებას, რომ სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ“, – განაცხადა მაშინ გასეევმა.

საბოლოოდ, ბიბილოვმა „არჩევნების“ მეორე ტური ალან გაგლოევთან წააგო, რომელიც პარტია „ნიხასის“ ლიდერი და უშიშროების ყოფილი თანამშრომელი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button