skip to content
ახალი ამბები

რუსი გენერალი ცხინვალის „თავდაცვის მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა „თავდაცვის მინისტრი“, იბრაგიმ გასეევი თანამდებობიდან გაათავისუფლა და „მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად გასეევის პირველი მოადგილე, რუსი გენერალი ვიქტორ ფედოროვი დანიშნა.

არსებული ცნობებით, ბიბილოვის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ გასეევმა 10 აპრილის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობა და ბიბილოვის კონკურენტობა გადაწყვიტა.

26 თებერვალს, საკუთარი გადაწყვეტილების განმარტებისას, ბიბილოვმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც გასეევი პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, „თავდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელის გარეშე არ უნდა დარჩეს“.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს „რესის“ ინფორმაციით, ბიბილოვმა გასეევი უფლებამოსილების გადამეტებასა და სარდლობის დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულა.

„ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია დამორჩილება, ვერასდროს ისწავლის მეთაურობას“, – განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვმა თანამდებობიდან გასეევის მოადგილე, ახსარ გასიევიც გაათავისუფლა. ეს უკანასკნელი პერსონალთან მუშაობას კურირებდა.

ამასთან, ცხინვალის რეგიონის ლიდერმა ვიქტორ ფედოროვს დანარჩენ საქართველოსთან გამყოფი ხაზის კონტროლი დაავალა, ვინაიდან „საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია შეინიშნება“.

ბიბილოვმა ასევე დაავალა ფედოროვს თავდაცვის სამინისტროს ყველა ოფიცერი შვებულებიდან გამოიძახოს, სამინისტროს ქონების, შეიარაღებისა და ტექნიკის ინვენტარიზაცია განახორციელოს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დახმარებისთვის მიმართოს.

მანამდე, 24 თებერვალს, როდესაც რუსეთმა უკრაინის ფართომასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო, ცხინვალის ლიდერმა ოკუპირებული რეგიონის შეიარაღებული ძალები ყაზარმულზე გადაიყვანა.

კიდევ უფრო ადრე, მან აწ უკვე გათავისუფლებულ გასეევს სამხედროების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაავალა.


ვიქტორ ფედოროვი 1975 წლიდან საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში, შემდეგ კი – რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 2011 წელს იგი ცხინვალში ჩავიდა და მას შემდეგ ოკუპირებული რეგიონის „თავდაცვის სამინისტროში“ მსახურობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button