Placeholder canvas
ახალი ამბები

ცხინვალის „სასამართლომ“ „პრეზიდენტობის“ ხუთი პრეტენდენტის სარჩელები არ დააკმაყოფილა 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „უზენაესმა სასამართლომ“ არ დააკმაყოფილა „პრეზიდენტობის“ ხუთი პრეტენდენტის სარჩელები „საარჩევნო ადმინისტრაციის“ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელმაც მოახლოებული „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ მათ კანდიდატებად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, „სასამართლომ“ არ დააკმაყოფილა „დეპუტატ“ დავით სანაკოევისა და ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული „თავდაცვის მინისტრის“, იბრაგიმ გასეევის სარჩელები. ორივე მათგანი რეგიონის მოქმედი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მთავარ კონკურენტებად მიიჩნეოდნენ. „სასამართლომ“ ასევე არ დააკმაყოფილა მხატვარ გენო ქაჯაევის, უნივერსიტეტის ლექტორის – თაიმურაზ თადტაევისა და ასლან კუტაროვის სარჩელები.

„საარჩევნო ადმინისტრაციის“ წინააღმდეგ სარჩელი „სასამართლოში“ კიდევ ერთმა პრეტენდენტმა, რუსტამ ძაგოევმაც შეიტანა, რომლის საკითხიც ამჟამად განხილვის მოლოდინშია.

„სასამართლოს“ გადაწყვეტილების შემდეგ, ტელეგრამზე ზოგიერთმა ოპოზიციურმა არხმა ბიბილოვის ქმედებას „ძალაუფლების ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდებისა“ და „საქართველოს ინტერესების შესაბამისად სიტუაციის დესტაბილიზაციის“ მცდელობა უწოდა.

მანამდე, 21 თებერვალს, „საარჩევნო ადმინისტრაციამ“ რეგისტრაციაზე უარი რეგიონის ყოფილ ლიდერს, ედუარდ კოკოითის უთხრა.

გუშინ, კოკოითიმ ცხინვალში აქცია გამართა, რომელსაც ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“, გასეევი და მისი მხარდამჭერებიც დაესწრნენ და კომისიის იმ წევრთა დაკავება მოითხოვეს, რომლებსაც ისინი გასეევის ხელმოწერების სიის გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.

მათ ასევე მოითხოვეს დოკუმენტების გამოქვეყნება ანატოლი ბიბილოვის წინააღმდეგ სარჩელის შესატანად, რომელმაც, მათი თქმით, ვერ ჩააბარა ოსური ენის ტესტი.

„ჩემი მთავარი მიზანი არ არის საარჩევნო მანათონში დაბრუნება, არამედ მასში ანატოლი ბიბილოვის მონაწილეობის არდაშვება. სანამ ის პრეზიდენტობის კანდიდატად რჩება, ის უბრალოდ არ მოგვცემს საშუალებას, რომ სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ“, – განაცხადა გასეევმა.

ოკუპირებულ რეგიონის „საარჩევნო კომისიამ“ 15 მარტს ხუთი პირი კანდიდატად დაარეგისტრირა, ხოლო 12-ს დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. დარეგისტრირებულ კანდიდატებს შორის – არიან ანატოლი ბიბილოვი; პარტია „ნიხასის“ ლიდერი, ალან გაგლოევი; ყოფილი „დეპუტატი“, დმიტრი ტასოევი; მოქმედი „დეპუტატი“, გარი მულდაროვი და „პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე“, ალექსანდრ პლიევი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button