Placeholder canvas
ახალი ამბები

ცხინვალის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ 5 კანდიდატი იბრძოლებს

ოკუპირებული ცხინვალის „საარჩევნო ადმინისტრაციამ“ მოახლოებული „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ 5 კანდიდატი, მათ შორის, რეგიონის მოქმედი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი დაარეგისტრირა.

ბიბილოვის გარდა, „პრეზიდენტობისთვის“ ასევე იბრძოლებენ – „ნიხასის“ ლიდერი, ალან გაგლოევი; ყოფილი „დეპუტატი“, დმიტრი ტასოევი; მოქმედი „დეპუტატი“ გარი მულდაროვი და „პარლამენტის ვიცესპიკერი“, ალექსანდრე პლიევი.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ“ გუშინ რეგისტრაციაზე უარი კიდევ 12 კანდიდატს უთხრა, მათ შორის, თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ „თავდაცვის მინისტრს“, იბრაგიმ გასეევს და „დეპუტატ“ დავით სანაკოევს, რომლებიც ბიბილოვის მთავარ კონკურენტებად მოაიაზრებოდნენ.

ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა რეგიონში. ტელეგრამის ზოგიერთმა ოპოზიციურმა არხმა ბიბილოვი ფეოდალიზმის დამკვიდრებაში დაადანაშაულეს.

„საქართველო სანაკოევის გასამართლებას ცდილობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ბიბილოვი [ქართველ] პარტნიორებს შეეკრა… [ბიბილოვს] არ სურს არჩევნების ჩატარება… მას სურს კიდევ 5 წელი წამება, საქართველოსთვის მიწების დათმობა და სიგარეტით [უკანონო] ვაჭრობა“, – დაწერა ტელეგრამის კიდევ ერთმა არხმა.

მანამდე, 21 თბერვალს, „საარჩევნო ადმინისტრაციამ“ რეგისტრაციაზე უარი რეგიონის ყოფილ ლიდერეს, ედუარდ კოკოითისაც უთხრა. არსებული ცნობით, საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც მისი კანდიდატურა წამოაყენა, გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

საგულისხმოა, რომ სანაკოევი თბილისის ყურადღების ცენტრში ბოლო დროს მას შემდეგ, მოექცა, რაც ჰააგის სასამართლოს პროკურორმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის ფარგლებში მისი დაკავების ორდერი გამოსცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button