ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს
„საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ“, რომელიც საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოა, 23 ოქტომბერს გამართულ 31-ე კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები – ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს.
მოსამართლეთა კონფერენციას ჯამში 279 მოსამართლე ესწრებოდა, საიდანაც მედიის ცნობით, მურუსიძის კანდიდატურას მხარი 268 მოსამართლემ დაუჭირა, გვრიტიშვილისას კი – 267-მა.
15-წევრიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საბჭო გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა დატოვეს. მედიის ინფორმაციით, პოსტზე დიმიტრი გვრიტიშვილი თავად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, ლევან მურუსიძემ კი – საკუთარი თავი თვითონვე დაასახელა. აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრებად მხოლოდ მათი კანდიდატურები იყო დასახელებული.
საგულისხმოა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ დრომდე ვაკანტურია 5 არამოსამართლე წევრის ადგილი, რაც არაერთხელ იყო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საგანი.
პარლამენტმა მათი შერჩევის პროცესი სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე 32 კანდიდატია წარდგენილი.
მურუსიძისა და გვრიტიშვილის განცხადება
ლევან მურუსიძემ, რომელიც 2013-2017 წლებში იუსტიციის საბჭოს მდივანი იყო, საბჭოს წევრად არჩევის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ იგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ჩუმად“ და „წყნარად“ იყო, თუმცა არასამთავრობო სექტორმა, გარკვეულმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა „არ მოისვენეს“.
„ისევ ატრიალებდნენ ჩემს სახელს და „[ყველა] პრობლემას, რაც იყო სასამართლოში, ქვეყანაში, მაბრალებდნენ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „უბრალოდ 21-ე საუკუნეა, თორემ ცეცხლზე დაგვწვავდნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები“.
მურუსიძის განმარტებით, რადგანაც იგი რიგითი მოსამართლე იყო და ბრალდებებზე პასუხის საშუალება არ ჰქონდა, „ბევრი ფიქრის შემდეგ“ გადაწყვიტა, რომ საბჭოში დაბრუნებულიყო და „თუ პრეტენზია ექნება ვინმეს“, პასუხს თავად გასცემს. „ჩემი მოშორებით და ჩემი დისკრედიტაციით ფიქრობდნენ, რომ დაშლიან სასამართლო სისტემას და შემოვლენ იმ კადრებით, რომლებიც შემდგომ [თავად] მართავენ“.
„ვიბრძოლებ ბოლომდე, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი“, – უთხრა მურუსიძემ ჟურნალისტებს და ხაზი გაუსვა, რომ იგი კრიტიკისთვისაც მზად არის, თუმცა უნდა იყოს „დადებითი მომენტების გამოკვეთაც“. „თუ არადა, თუ უნდათ ბრძოლა, ვიბრძოლოთ სხვა გზა არ არის“, – დასძინა მან.
თავის მხრივ, დიმიტრი გვრიტიშვილმა, რომელიც 2017-2021 წლებში ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება „უდიდესი პასუხისმგებლობაა“ და იგი დაიცავს სასამართლო ხელისუფლების ინტერესებს.
„ჩემს გამოცდილებას და ცოდნას მოვახმარ ისევ და ისევ იმას, რომ სასამართლო კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს”, – ხაზი გაუსვა მან.
მურუსიძისა და გვრიტიშვილის მიმართ პრეტენზიები
ლევან მურუსიძესა და დიმიტრი გვრიტიშვილს არასამთავრობო სექტორი ე.წ. სასამართლო კლანის წევრებად მოიაზრებს. პირველი მათგანის სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. მაგალითად, ის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო, რის გამოც მთელი ამ ხნის განმავლობაში, მისი მისამართით არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის კრიტიკა ისმოდა. ლევან მურუსიძემ განიხილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეც. ამასთან, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ ის მურუსიძესთან ერთად „ალაგებდა“ ქართული ოცნების სასარგებლოდ სასამართლო დავების გადაწყვეტის საკითხებს.
დიმიტრი გვრიტიშვილი ერთ-ერთი იყო იმ მოსამართლეთაგან, რომლებიც ცალკეული პოლიტიკური პარტიების, „მათი გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხრიდან სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობდნენ. გასული წლის ივნისში, მოსამართლეთა დახურული შეხვედრის შემდეგ, გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე დამსწრე მოსამართლის მოსაზრებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ბოლოდროინდელი ქმედებები სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)