skip to content
რესპუბლიკის ამბები

ნოე ჟორდანია საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა ლიგის პრეზიდენტს მიმართავს

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 5 თებერვალი, N16

საქართველო და ევროპა

ბ-ნო პრეზიდენტო!

როცა საქართველოს ტერიტორიას საბჭოთა ჯარები შემოესია – ადამიანის უფლებათა ლიგამ [ფრანგ.: Ligue des droits de l’homme; ინგ.: Human Rights League – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] დაუყონებლივ აღიმაღლა ხმა. ამ აქტის გამო მოსკოვის დამპყრობელთა წინააღმდეგ პროტესტის გამოსაცხადებლათ; როცა შემდეგ საქართველოს ხალხი, თავდამსხმელთა უღელ ქვეშ მოქცეული, მწარეთ გმინავდა მისი სიმძიმისგან, ლიგის ბიულეტენის ფურცლებზე ჩვენ არა ერთხელ ამოგვიკითხავს მჭერმეტყველი სიტყვები, რომელნიც ამტკიცებდენ, რომ ლიგას სრულიადაც არ აქვს სურვილი გულ-გრილი მაყურებელი იყოს იმის, თუ როგორ აღრჩობს პატარა ერს დიდი მეზობელი.

და მე დარწმუნებული ვარ, რომ ლიგა, როგორც გამომხატველი საფრანგეთის დემოკრატიის მისწრაფებების, უარს არ იტყვის მხარი დაუჭიროს პატარა საქართველოს ხალხს სწორეთ მაშინ, როცა მისი საკითხი შედის გადაჭრის ფაზაში.

თქვენ კარგათ  მოგეხსენებათ, რომ ახლო მომავალში იკრიბება საერთაშორისო კონფერენცია, რომელმაც უნდა გაარკვიოს ქვეყნებს შორის კომერციული ურთიერთობის განახლებისა და ევროპის ეკონომიურათ აღდგენის საკითხი.

საბჭოთა მთავრობა, რომლის ჯარებს დაკავებული აქვს დღეს საქართველო, მოწვეული იქნა ამ კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებათ და უმაღლესმა საბჭომ, კანნში შეკრებილმა, გარკვეულათ შემოხაზა პირობები ამ მთავრობის ოფიციალური ცნობის.

მე-6 მუხლი ამ პირობისა უთითებს რუსეთის „მოვალეობაზე თავი შეიკავოს მეზობელ სახელმწიფოების მიმართ ყოველივე აგრესიული ნაბიჯისაგან“.

გამოუცნობელი იქნება ეს პირობა საქართველოს მიმართ?

აიძულებენ ჩვენი ქვეყნის დამპყრობთ, გაიყვანონ საქართველოდან თავის ჯარები და ასე  საშვალება მისცენ ჩვენს ხალხს თვით განაგოს თავის ბედი?

აი ეს არის საკითხი, საერთაშორისო შეგნების, რადგან მხოლოდ ხალხთა შეგნებას შეუძლია გადაჭრას, დასაშვებია თუ არა განათლებულ კაცობრიობისთვის იარაღით ხელში შელახვა ადამიანის და ერის უფლებების!

თქვენ გეცოდინებათ დღევანდელი მდგომაროება საქართველოსი. ხალხის დამოუკიდებლობა ფაქტობრივად მოსპობილია, დამფუძნებელი კრება და ადგილობრივი თვთმმართველობანი გარეკილია, პოლიტიკური თავისუფლება გაუქმებულია, სატუსაღოები კი სავსეა – საუკეთესო მოქალაქეებით, განსაკუთრებით სოციალისტებით, მუშები და გლეხები კატორღულ მდგომარეობაში არიან ჩაცვენილი, ეკონომიური ცხოვრება მოშლილია. ერთი სიტყვით აი ასეთია საშინელება ბარბაროსული დესპოტიზმის და შიმშილობის ჩვენს ქვეყანაში.

აი ასეთია შედეგი რუსეთის ოკუპაციის საქართველოში.

 და ეს ტანჯვა, რომელსაც განიცდის ჩვენი ხალხი შემოსეულ ოკუპანტებისაგან, განა შეიძლება საერთაშორისო ურთიერთობის დროს უყურადღებოთ იქნეს დატოვებული იმათგან, ვინც მოწადინებულია უფლების საფუძველზე დაამყაროს საერთაშორისო ურთიერთობა.

ჩვენ გვინდა, ჩვენ ვთხოულობთ, რომ საქართველოდან რუსის ჯარების გაყვანა წამოყენებულ იქნეს ევროპის მთავრობების მიერ, როგორც წინასწარი პირობა მოსკოვის მთავრობის ცნობის.

და ჩვენ გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ადამიანის უფლებათა ლიგის მთელი ავტორიტეტი და მორალური ძალა მოახმაროთ საქართველოს სამართლიან მოთხოვნილების დაცვას.

მიიღეთ, ბატონო პრეზიდენტო ჩემი უღრმესი პატივისცემა.

ნოე ჟორდანია

მსგავსი/Related

Back to top button