skip to content
რესპუბლიკის ამბები

ბელგიური პრესა, 1922: საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ერთადერთი საყრდენი  რუსული წითელი არმიაა

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 15 იანვარი, N16

საქართველოში

ზემო აღნიშნული სათაურით ბრიუსელის გაზეთ „ლ’ პეუპლში“ მოთავსებულია შემდეგი წერილი:

„ჩვენ ვიცით, – ამბობს გაზეთი – თუ რამდენათ ტირანიულია ბოლშევიკთა ბატონობა ამ უბედურ ქვეყანაში და რამდენათ ყალბია ის ფიქცია, რომლის მიხედვით საქართველოს თითქოს „საბჭოთა ხელის უფლება“ მართავდეს. იგი უბრალოდ ნიღაბი არის, რომლის უკანაც მოსკოვი იმალება. მაგრამ ნიღაბი ცვდება და ბევრ ადგილას ნამდვილი სახე მოსჩანს. ფიქცია იმდენათ გაქარწყლდა, რომ ეხლა ჩვენ საქართველოში ვხედავთ მარტო იმ მთავრობას, რომელიც მხოლოდ რუსეთის მე-11 არმიის ხიშტების საშვალებით ბატონობს, ისე როგორც მოსკოვის მთავრობა დანარჩენ წითელ არმიელთა ხიშტების საშვალებით არსებობს.

ჩვენ ერთხელ უკვე აღვნიშნეთ საქართველოს მუშების ბრძოლა და მისი ისტორია. ისინი ძველებური თავდადებით იბრძვიან დემოკრატიისა და სოციალიზმისთვის. ბოლშევიკებს ეს არ ასვენებთ. ისინი არ კმაყოფილდებიან მასიური დაპატიმრებით და სხვა ასეთი რეპრესიებით, და ეხლა როგორც ხმები დადის მათ განზრახვა აქვთ ქართველი რევოლუციონერები რუსეთში გადაასახლონ.

ამის შემდეგ გაზეთი დაწვრილებით აღწერს რა საშინელება მოელით, თუ ეს ხმები გამართლდა, გადასახლებულთ რუსეთში –  და ამბობს: – ეს არის ის მწარე ხანა, როდესაც რომელიმე ერი თავის ეროვნულ უფლებათა შორის, ერთ უპირველეს მოთხოვნილებათ აყენებს, რომ ის პირები, რომელნიც სხვა პოლიტიკურ რწმენის არიან, ვინემ დღევანდელი მდგომარეობის ბატონ-პატრონი, იყვნენ მოთავსებულნი თავიანთ სამშობლოს ციხეებში.

მართალია პირობები აუტანელი შეიქმნა, ხალხი ძნელათ უმკლავდება იმ განსაცდელს, რომელიც აქეზებს მას, რომ ძალით მოიშოროს თავიდან ის უსინდისო უზურპატორები, რომელთაც ვერაფერს სიტყვით ვერ შეასმენ. მაგრამ ბოლშევიკებსაც ეს უნდათ. ისინი განგებ იწვევენ ხალხს აჯანყებისკენ, რადგან ემყარებიან შეიარაღებულ ჯარების უპირატესობას. მათ უნდათ გამოიწვიონ სისხლის ღვრა, რათა სისხლში ჩააღრჩონ ამაყი ერი საბოლოოთ და მერმე უსიტყვოთ დაიმორჩილონ. მაგრამ ბოლშევიკები ცდებიან. ხშირათ პრეტორიანელთა არმია ირღვევა. ძალათ შეკრებილ ჯარს ბოლოს და ბოლოს მობეზრდება ომი და მიზნისთვის, რომელიც მისთვის უცხოა. არ არის მართალი, რომ თითქოს რამდენიმე კომუნისტი ტერორის საშუალებით მუდამ შესძლებს პატარა ერების და ხალხის დამორჩილებას.

მოსკოვს კავკასიის ქედ იქითაც ბევრი აქვს თავსატეხი, რომ ახალი არ გამოიჩინოს. მათ შეეძლოთ მშვიდობიანათ ეცხოვრათ თავის მეზობელ ქართველ ერთან. ეს უკანასკნელი არასდროს არ ფიქრობდა მის მტრობას. ბოლშევიკებს დღესაც შეუძლიათ ეს. მარა ისინი ვერ ხვდებიან იმ აუცილებლობას, რომელიც ადრე თუ გვიან მოუხდეს. მით უარესი მათთვის. ქარის დამთესავნი, ქარიშხალს მოიმკიან“.

მსგავსი/Related

Back to top button