skip to content
ახალი ამბები

საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ საქმის ბოლო მოსმენა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების და ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღდეგ ფულის გათეთრების საქმის ბოლო მოსმენა გაიმართა.

სასამართლომ გადაწყვეტილება ხვალ, 12 იანვარს უნდა გამოაცხადოს.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე (მე-2 და მე-3) მუხლით მიმდინარებს, რაც ჯგუფურად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) ან/და დახმარებას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულებს 9-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

საგულისხმოა, რომ ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის მოქმედი დაპუტატია, მამუკა ხაზარაძეს კი – სადეპუტატო უფლებამოსილება საკუთარი თხოვნის საფუძველზე 2021 წლის ნოემბერში შეუწყდა.

ამბის წინაისტორია

გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი“ ბაკში შესაძლო ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, თუმცა საზოგადოებისთვის ინფორმაცია მხოლოდ 2019 წლის იანვარში გახდა ცნობილი.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა კომპანიებმა – შპს „სამგორი M“-მა და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი თანხების შევსების მიზნით, დაახლოებით 17 მლნ ამერიკული დოლარის ოდენობის სესხი აიღეს. კომპანიებმა მიღებული თანხა იმავე დღეს სესხის სახით ფიზიკურ პირებზე – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე გასცეს. პროკურატურისვე ცნობით, 2012 წელს აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებებისგან სრულად გაათავისუფლეს.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 2019 წლის ივლისში წარუდგინეს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორივე ბრალდებულს 700 000-700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურორთან შეთანხმების გარეშე, ქვეყნის საზღვრების დატოვება შეუზღუდა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ახლა უკვე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ, ბრალს უარყოფენ და ამბობენ, რომ ტრანზაქციები კანონის სრული დაცვითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

ისინი მათ წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან მათი ჩამოშორების სურვილსაც უკავშირებენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2016 წლის თებერვალში მოიპოვა. კონსორციუმის მფლობელი Conti International-თან ერთად, მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული „თიბისი ჰოლდინგიც“ იყო.

საგულისხმოა, რომ კონსორციუმს, მათ შორის, ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემდეგ არაერთი წინააღმდეგობა შეექმნა. შედეგად, ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკსა“ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმში დაკავებულ პოსტები დატოვეს.

საბოლოოდ, 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რამდენადაც კონსორციუმმა საჭირო ფინანსური სახსრების მოზიდვა ვერ შეძლო.

თავად ხაზარაძემ ბრალი ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დასდო და თქვა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას მოსკოვის საამებლად სწორედ ის ეწინააღმდეგებოდა.

11 იანვარს, ბოლო სასამართლო მოსმენის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ „ეს არის პოლიტიკური დევნა“ და „პოლიტიკური ვენდეტა“. მანვე აღნიშნა, რომ ბრალდებულებს ბიძინა ივანიშვილისგან შემოთავაზებაც ჰქონდათ, რომ „იქნებ დავამთავროთ“.

„მას რა უნდათ იცით? რომ ყველა მასთან იყოს ვალში… ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო გაშავებული მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს მას შენზე სამოქმედოდ“, – დასძინა ხაზარაძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის მარტში მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბრალდებულებმა მაშინდელი შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღეს. მაშინ გიორგი გახარიამ ბრალდება უარყო და თქვა, რომ ეს „პრივილეგირებული ბიზნესმენის“ მხრიდან „პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით“, „იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა“ იყო.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ ხაზარაძის მიერ უწყებისთვის წერილთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button