
ყაველაშვილმა ადგილობრივი არჩევნების წინ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციური ალიანსის „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ორივე მათგანი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიის ბოიკოტირებისთვის დააპატიმრეს. ყაველაშვილმა გადაწყვეტილება 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების წინ კონკურენტუნარიანობის აღქმის შენარჩუნების აუცილებლობით ახსნა.
„რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე“, – აღნიშნა ყაველაშვილმა 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. „გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას“.
ხაზარაძე და ჯაფარიძე იმ რვა ოპოზიციურ ფიგურას შორის იყვნენ, რომელთაც წულუკიანის კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარის თქმის გამო რამდენიმეთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. მანამდე ყაველაშვილმა პირობა დადო, რომ შეიწყალებდა მათ, ვინც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდებოდა. მართალია „ლელო-ძლიერი საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ადრე არ მიიღეს ყაველაშვილის შეთავაზება.
This post is also available in: English